2018-02-23

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. გახსნის ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი, ლია გიგაური, ალექსანდრე თევზაძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბევრ საინტერესო პროგრამას სთავაზობს აბიტურიენტებს და განათლების საერთაშორისო გამოფენა ძალიან კარგი ფორმატია მომავალი სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად. „ჩვენ ვართ 100 წლის ახალგაზრდა უნივერსიტეტი, რომელიც ახლაც ლიდერია კავკასიის რეგიონში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს 250 აკადემიურ და უამრავ გაცვლით პროგრამას სთავაზობს. იმედი მაქვს, რომ ბევრი აბიტურიენტი გახდება ჩვენი სტუდენტი და გახდება ნაწილი იმ დიდი ოჯახისა, რომელსაც 300 ათას წევრიანი თსუ-ს ოჯახი ჰქვია,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია ჰქონდეთ იმ სერვისებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს.  განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უკვე მერვედ იმართება, სწორედ ამ ინფორმაციის გაზიარებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც გამოფენის სტუმრები ინფორმაციას იღებენ თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ერთ-ერთი აბიტურიენტის მარიამ პერტახიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისთვის პრიორიტეტულია. „განხილვის პროცესში ვარ, თუმცა, საბოლოოდ, ალბათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევჯერდები, რადგან საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, ბევრი გაცვლითი პროგრამა აქვს, სწავლების მაღალი დონე და ისეთი გარემოა, ვფიქრობ, სწავლაში ხელი შეგვეწყობა,“ - აღნიშნა მარიამ პერტახიამ.

2018 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტისთვის საიუბილეო წელია - 100 წლის უნივერსიტეტი ამ წელს განსაკუთრებული მიღწევებით ხვდება:

თსუ დღეს ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში, N359 /The U.S. News&World Report - Best Global Universities Ranking/; (2017 წ.); Times Higher Education World University Rankings-ის მიხედვით არის  N 801+ ; (2016 წ.);  შანხაის დარგობრივ რანჟირებაში თსუ ფიზიკის მიმართულება - N151-200 ადგილზეა (2017 წ.);

თსუ-ში 22000-მდე სტუდენტი სწავლობს 67 საბაკალავრო, 95 სამაგისტრო, 51 სადოქტორო და 3 ერთსაფეხურიან სამედიცინო და პროფესიულ პროგრამაზე;

თსუ ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტია საქართველოში - ყოველწლიურად 200- ზე მეტი კვლევითი პროექტით და 500-მდე პუბლიკაციით იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებში;

აქ მოქმედებს 22 უცხოენოვანი პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო;

თსუ-ს ჰყავს 180-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში; 500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი;

თსუ ბიბლიოთეკებში არის დაცული 8 მილიონამდე წიგნი და 22 მილიონამდე გამოგონება/პატენტი; თსუ პროფესორებსა და სტუდენტებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და რესურსებზე;

მათ ემსახურება თანამედროვე სასწავლო სივრცეები - 16 კვლევითი ინსტიტუტი, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია. მათ შორის ფაბლაბი, SMART|Lab, SMART|At¬moSim-Lab, Bloomberg ლაბორატორია, სან-დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, მულტიმედია ცენტრი, არქეოლოგიური საველე ბაზა გრაკლიან გორაზე, სახვითი ხელოვნების სტუდია და სხვა;

აქ ახალგაზრდებს აქვთ აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა.

თსუ ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია საქართველოში პირველი არჩევანის მიხედვით (7711 აბიტურიენტის პირველი პრიორიტეტი 2017 წელს)

უნივერსიტეტს ჰყავს 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული. თსუ კურსდამთავრებულები არიან: საქართველოს მთავრობის წევრთა 92% (13 მინისტრი 14-დან) საქართველოს პარლამენტის წევრების 46% (69 პარლამენტარი 150-დან); მოსამართლეების 99%; დიპლომატიური კორპუსის 50%-მდე და ა.შ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით,  26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

Print

« იხ. ყველა სიახლე