2013-11-14

შემოდგომის ლეგენდა 2013 დასრულდა

შემოდგომის ლეგენდა 2013 დასრულდა
20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" საიუბილეო დაჯილდოების საღამო გაიმართა. იმპროვიზაციული ტურის 12 მონაწილედან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, რომლებმაც უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზები მიიღეს. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა ადამაშვილი გახდა, კონკურსის გამარჯვებულს 1000 ლარი, კონკურსის სიმბოლო და კომპანია "ჯეოსელის" საჩუქარი გადაეცა. ფულადი პრემია და საჩუქრები მიიღეს მეორე და მესამე ადგილის მფლობელებმა -  რატი წეროძე მოთხრობით "27-ზე მეტი" მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდეტმა ანა ლაზვიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

საღამოზე გამოვლინდა საიუბილეო წელთან დაკავშირებული ინიციატივის - ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულიც, ონლაინ აპლიკაციის დახმარებით შალვა კიკალიშვილმა ნაშრომი ქუვეითიდან შექმნა, გამარჯვებულს კომპანია ჯეოსელის პრიზი გადაეცა, ონლაინ კონკურსის კიდევ ორი საუკეთესო ავტორი - თინათინ მანია და გიორგი სხულუხია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემებით დასაჩუქრდნენ.

დაჯილდოების საღამოზე საიუბილეო კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. ბროშურა 5 წლის განმავლობაში კონკურსის გამარჯვებული ნაშრომებისგან შედგება. კრებულში შესული ნაშრომები ილუსტრირებულია და ავტორების ავტობიოგრაფიაც ახლავს. საიუბილეო გამოცემა დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქარად გადაეცა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს - 16 სექტემბერს აიღო და სამი კვირის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 325 კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა. წელს ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გავიდა. იმპროვიზაციული ტური წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. 12-მა კონკურსანტმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე - „28-ე“, 8 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

Print

« იხ. ყველა სიახლე