2018-12-20
რექტორმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ფეისბუქის პირდაპირ ეთერში 2018 წლის შედეგები შეაჯამა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთი მხრივ 100 წლის საიუბილეო თარიღიდან გამომდინარე და, მეორე მხრივ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მიღწეული წარმატებების გამო.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია რეგიონიდან, რომელიც 500 საუკეთესოთა შორის არის. U.S. News&World Report-ის 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის.
თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონიდან, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რანჟირებებში Times Higher Education/THE (მესამედ) და Shanghai Ranking მოხვდა. QS Top University Ranking Eastern Europe and Central Asia რანჟირებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 109-ე ადგილზეა და ლიდერ პოზიციაზეა კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტებს შორის.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირველად საქართველოში, თსუ-ში გაიხსნება „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში, ყოველწლიურ შეკრებაზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - „ევროპის აკადემიამ“ მიიღო ევროგაერთიანების არაწევრ ქვეყანაში კვლევითი წარმომადგენლობის გახსნის გადაწყვეტილება, ანუ ეს იქნება პირველი ჰაბი, რომელიც გაიხსნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. ამით ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს სხვადასხვა ევროპულ პროგრამაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობით (300-ზე მეტი), რომლებიც 2018-2020 სასწავლო წლებში ERASMUS+ International Credit Mobility (ICM)-ის დაფინანსებული პროგრამით ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.
ბოლო წლებში თსუ-ს 100-ზე მეტი უცხოელი პროფესორი ეწვია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური საერთაშორისო კავშირები უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლება არა მხოლოდ ევროპულ, არამედ აზიის წამყვან უნივერსიტეტებშიც გააგრძელონ. ახლახანს ხელი მოეწერა იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტთან მემორანდუმს, რომელიც სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან ერთად სტუდენტების, პროფესორების და მკვლევრების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ითავლისწინებს.
გიორგი შარვაშიძემ პირდაპირ ეთერში სტუდენტების ყველა კითხვას უპასუხა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ.ბმული.
« იხ. ყველა სიახლე