2014-12-25

განცხადება „საქართველოს სახელმწიფო ენის“ კანონის შესახებ

განცხადება „საქართველოს სახელმწიფო ენის“ კანონის შესახებ
„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღებას საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა, მაგრამ საქართველო  იმ სახელმწიფოთა შორისაა, რომელთაც „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ. იგი ამ მხრივ რეგიონის მასშტაბითაც გამონაკლისია.

ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი ჯერ კიდევ 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იქნა აღდგენილი,  როცა შესაბამისი კანონი მიიღეს. საბჭოთა სისტემის დროს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართულმა საზოგადოებამ ახალგაზრდობის თაოსნობით შეძლო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნება. თუმცა, ბოლო ორი ათეული წელია, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი ძირითადად მხოლოდ კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაწყებული კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ ყველა ხელისუფლების განხილვის თემა იყო, მაგრამ ვერცერთი მოწვევის პარლამენტმა ვერ შეძლო მისი მიღება. ამჯერადაც ფერხდება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღება. ენათმეცნიერებისა და იურისტების ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია ახალი რეალიები. შესაბამისად, იგი პასუხობს ახალ გამოწვევებს. კანონპროექტმა ექსპერტიზა გაიარა ყველა შესაბამის ევროპულ ინსტანციაში. საჭიროა მხოლოდ სახელმწიფოს ნება, რათა არსებული ხარვეზი აღმოიფხვრას. ჩარჩო კანონის მიღება ინსტიტუციური გარანტია იქნება სახელმწიფო ენის მართვისა და გამოყენებისათვის. იგი უზრუნველყოფს ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ქართული და აფხაზური ენების სახელმწიფოებრივ სტატუსს  - საქართველოს ერთ-ერთ ნაწილში - აფხაზეთში.

ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ხელი შეუწყოს სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტის მიღებას.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაცილებით ფართო მასშტაბით გააგრძელოს ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამა, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს როგორც ამ პროგრამის განხორციელებაში, ასევე ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის განმტკიცების საქმეში.

განცხადებას ხელს აწერენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები:

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი
აკადემიკოსი მზექალა შანიძე
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
პროფესორი რამაზ ქურდაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი ლევან ალექსიძე
პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი აპოლონ სილაგაძე
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი
პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
პროფესორი ნუგზარ სურგულაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ვაჟა შენგელია
პროფესორი თედო ნინიძე
პროფესორი ოთარ გამყრელიძე
პროფესორი თედო უთურგაიძე
პროფესორი ბესარიონ ზოიძე
პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

25 დეკემბერი, 2014 წელი

Print

« იხ. ყველა სიახლე