2018-12-12

თსუ - „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები“-ს კონკურსის ლიდერი

თსუ - „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები“-ს კონკურსის ლიდერი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები“- ს კონკურსით დაფინანსებული პროექტების ლიდერია. კონკურსში გამარჯვებული 9 პროექტიდან თსუ 6-ში მონაწილეობს (საერთო ნაკადის 67%-ში), აქედან 4-ში, როგორც წამყვანი ორგანიზაცია და 2-ში, - როგორც თანამონაწილე.

გამარჯვებული პროექტები კონკურსში მონაწილე 29 განაცხადიდან შეირჩა და შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. კონკურსის სამიზნე ჯგუფებია უცხოეთის უნივერსიტეტებში/სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში/დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები/სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები/დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრები და მათში მოღვაწე მეცნიერები და ითვალისწინებს უცხოეთის სამეცნიერო - კვლევით ცენტრებში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარებას.

კონკურსის მიზანია ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა: უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეების სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთან, სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა.

კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 ან 36 თვეს. 24 თვიანი პროექტებისათვის მაქსიმალური დაფინანსება: საბუნებისმეტყველო და აგრარულ მეცნიერებებში, ინჟინერია და ტექნოლოგიები, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები, და ასევე, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები აქ დასახელებულ სამეცნიერო მიმართულებებში წარდგენილი პროექტებისათვის - 160 000 ლარია, ხოლო 36 თვიანი პროექტებისათვის - 240 000 ლარი. მსგავსია დაფინანსების სქემა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში, მოცემულ სამეცნიერო მიმართულებებში წარდგენილი პროექტებისათვის: 24 თვიანი პროექტებისათვის - 120 000 ლარი და 36 თვიანი პროექტებისათვის - 180 000 ლარი.

პროექტი უნდა ითვალისწინებდეს როგორც პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წამყვან ან/და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციაში ვიზიტს, ასევე ძირითადი პერსონალის წარმომადგენლის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან სამეცნიერო-კვლევით ვიზიტს.

მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პირობების თანახმად გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტით გათვალისწინებული კვლევის მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნოს მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატია უცხოეთში მოღვაწე თანამემამულის თანაავტორობით საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში ან წარმოადგინოს ცნობა სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შესახებ.

საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემად ფონდის მიერ განიხილება ის ჟურნალები, წიგნები და კრებულები, რომლებიც ხილვადია შემდეგ სამეცნიერო ბაზებში: Scimago Journal Ranking, Scopus, Web of Science, ERIH plus. ან გამოქვეყნებულია სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მარდაჭერით გამოცემულ საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად ჟურნალები: Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (ა. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები) და Annals of Agrarian Science (აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე).

პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შედეგების ამსახველი მონოგრაფიის გამოცემის შემთხვევაში კი, - იგი დამტკიცებული უნდა იყოს წამყვანი ორგანიზაციის დარგობრივი სარედაქციო/საგამომცემლო/სამეცნიერო/აკადემიური საბჭოს, ან მასთან გათანაბრებული სტრუქტურის მიერ.



Print

« იხ. ყველა სიახლე