2019-05-30

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორები
10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონში საგანმანათლებლო გამოფენის „NAFSA 2019“ ფარგლებში, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს. 

იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, ჩილეს და იაპონიის უნივერსიტეტების წარმოადგენლებთან შეხვედრისას თსუ რექტორ გიორგი შარვაშიძის ხელმძღვანელობით თსუ დელეგაციის წევრთა მიერ საუბარი შეეხო არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროგრამების შემუშავებას, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას. როგორც იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თსუ კარგი პარტნიორია გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური განვითარების პროექტების კუთხით. ვიზიტისას მიღწეულია შეთანხმება, უახლოეს პერიოდში სიენას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გაფორმების შესახებ.

თსუ-სთან პროდუქტიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სევილიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  რომლებმაც ასევე ხაზი გაუსვეს სახელმწიფო უნივერსიტეტის  როლს იმ პროექტების წარმატებაში, რომელიც ERASMUS +-ის ფარგლებში ხორციელდება. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა (ხარისხის მიმართულებით), აღნიშნა, მათი უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესების, თსუ-სა და ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტურ  თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მხრივ.

პროგრამების გარე შეფასება, საზაფხულო სკოლების ორგანიზება, ფსიქოლოგიაში ერთობლივი კვლევების წარმოება და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ხელშეწყობა იყო მთავარი თემა ლიმერიკის Mary Immaculate კოლეჯის წარმოამდგენლებთან შეხვედრაზე. კოლეჯის პრეზიდენტ, იუგენ უოლის თქმით,  კოლეჯი მზად არის თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებების ფაკულტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ამ მიმართულებით ირლანდიაში პირველი ვიზიტი უკვე დაიგეგმა.

 გამოფენა NAFSA 2019 28-31 მაისს ვაშინგტონში იმართება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე მონაწილეა წარმოდგენილი. 

Print

« იხ. ყველა სიახლე