2013-11-26

თსუ რექტორის 100 დღის ანგარიში

თსუ რექტორის 100 დღის ანგარიში
26 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ (ლადო) პაპავამ 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ლადო პაპავამ საზოგადოებას გააცნო ის ცვლილებები და სიახლეები, რომელიც რექტორობის პერიოდში განხორციელდა.

ლადო პაპავას ინიციატივით, პირველად საქართველოში სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიზიარებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას და 2014 წლიდან ამოქმედდება პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი. კონკურსის მეშვეობით შერჩეულ 12 დოქტორს, პოსტდოქტორანტურაში დასაქმებით, სამეცნიერო კვლევაში ჩართვის საშუალება მიეცემა.

სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობის მიზნით ყოველი წლის აპრილში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი სამეცნიერო ფორუმი გაიმართება, რომელიც პროფესორებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებსაც მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. საუკეთესო მოხსენების ავტორებს შესაბამისი სერტიფიკატი და პრემია გადაეცემათ. 2014 წლის აპრილში პირველად გაიცემა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიაც, რომელიც ქართველოლოგიაში შეტანილი სამეცნიერო წვლილისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა.

პრემიები დაწესდა საუკეთესო პედაგოგებისთვის, რომელსაც ბაკალავრიატის სტუდენტები დაასახელებენ. რექტორის სტიპენდიით დაჯილდოვდება ყოველ სემესტრში საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი.

გასული 100 დღის განმავლობაში ახალი შემადგენლობით მუშაობა განაახლა რექტორის მრჩეველთა საბჭომ. სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოც განახლებული შემადგენლობით იზრუნებს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გამრავლფეროვნებასა და სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფაზე. დაიწყო ახალი, თანამედროვე სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესი. სასწავლო ლიტერატურის თარგმანისთვის 2014 წლის ბიუჯეტში 300 ათასი ლარზე მეტი გამოიყოფა. 100-დღიან პერიოდში კი უკვე შეძენილია 521 დასახელების 1305 სახელმძღვანელო, მუშავდება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ციფრულ მატარებლებზე გადატანის პროექტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს  ლაბორატორიების განახლებაზე. ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მულტიმედია ცენტრი, რომელიც ჟურნალისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება, აღიჭურვა ფიზიკის ახალი ლაბორატორია, თსუ-ს მონაწილეობით იქმნება ქართული შრიფტების ლაბორატორია.

გასული 100 დღის განმავლობაში ცვლილებები შეეხო აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების და კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესებს. კონკურსანტებს შეეძლებათ ისარგებლონ აპელაციის მარტივი მექანიზმით. მზადდება ადმინისტრაციული და სახელფასო რეფორმა უნივერსიტეტში, რომლის გატარებაც 2014 წელს იგეგმება.

მომავალ წელს ასევე ფუნქციონირებას დაიწყებს კარიერული ცენტრი, რომლის მთავარი ფუნქცია ბიზნესის თსუ-თან დაახლოება, კერძოდ, სტუდენტების ბიზნესში ჩართულობის გაზრდა იქნება.

თსუ რექტორი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სამთავრობო სტრუქტურებთან. ბოლო პერიოდში ლადო პაპავამ მიმართა საქართველოს მთავრობას რამდენიმე ინიციატივით, მათ შორის დოქტორანტურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსების შესახებ, გეოგრაფიისა და გეოლოგიის მიმართულებების სრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე და თსუ-თან ინტეგრირებული კვლევითი ინსტიტუტების შენობების შენარჩუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ასევე ვითარდება უნივერსიტეტის თანამშრომლობა არასამთავრობო და ბიზნეს სექტორებთან.

და ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის წარმოსაჩენად დაიგეგმა რამდენიმე პროექტი. უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში მიმდინარეობს სახელობითი აუდიტორიების და ძეგლების აღდგენა, უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტის პანთეონში ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი თანამოაზრის იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენება მოხდება. 2014 წლის შემოდგომაზე კი თსუ იოსებ ყიფშიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აკადემიკოსი ლადო პაპავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩიეს.  თსუ რექტორის არჩევნებზე რეგისტრირებული  13 კანდიდატიდან 10 ხმა ლადო პაპავამ მიიღო. პირველ სამუშაო დღეს, 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო პაპავამ საზოგადოების წინაშე რექტორობის 100-დღიანი ანგარიშის წარდგენის პირობა დადო.

Print

« იხ. ყველა სიახლე