2018-01-23

თსუ ონლაინ მაღაზიის პრეზენტაცია

თსუ ონლაინ მაღაზიის პრეზენტაცია
საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია www.tsustore.ge ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.  პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები თსუ ბრენდირებით. თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

„100 წლის მანძილზე ჩვენი უნივერსიტეტი 300-ათასზე მეტმა ადამიანმა დაამთავრა. ბრენდირებული პროდუქციის შეძენის მსურველი ძალიან ბევრია - სტუდენტები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები, უბრალოდ გულშემატკივრები. მეორე ეტაპზე ვაპირებთ წიგნების ონლაინ გავრცელებას. ეს ყველა უნივერსიტეტელთან კავშირის ერთგვარი საშუალებაა. მადლობა თიბისი ბანკს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„ონლაინ მაღაზიის პროექტი თსუ-სთან შარშან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და ეს ჩვენთვის დიდი პატივია,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა. მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლოთ ბრენდირებული ტანსაცმლის ტარება. მსოფლიოში ეს მიღებული პრაქტიკაა. საქართველოში პირველად კი თსუ-ში განხორციელდა. ბანკი კიდევ ბევრი ერთობლივი პროექტის ინიცირებას და მხარდაჭერას გეგმავს.

„ონლაინ მაღაზიის იდეა არის მისასალმებელი.  საქართველოში პირველები ვართ და ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, კარგი საშუალებაა მეცვას მაისური თუ სხვა სახის სამოსი ჩემი უნივერსიტეტის ლოგოთი. ძალიან კრეატიული იდეაა და აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტის იუბილეს დაემთხვა ონლაინ მაღაზიის გახსნა. ვფიქრობ, რომ ონლაინ მაღაზია ცოტა ხანში მოიპოვებს პოპულარობას, ველოდებით მის განვითარებასაც, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქციაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, მისი შემქმნელები ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებენ,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა სალომე თოფურიამ.    

www.tsustore.ge - ზე წარმოდგენილი კოლექციები მუდმივად განახლდება და საზოგადოებას  მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს მათი ინტერესების გათვალისწინებით. თსუ სტუდენტები და თანამშრომლები ისარგებლებენ უფასოდ მიტანის მომსახურებით.





Print

« იხ. ყველა სიახლე