2018-10-26
საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესი
უროლოგიურ კიბოსთან ბრძოლაზე, მკურნალობის ახალ
სტრატეგიებსა და ტაქტიკაზე ისაუბრეს საერთაშორისო ონკოლოგიური კონგრესზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ამ დარგის მსოფლიოს წამყვანმა
სპეციალისტებმა - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის,
ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და
საქართველოს გამოჩენილმა წამყვანმა მეცნიერებმა და ექიმებმა. კონგრესს თსუ
რექტორის მოადგილე
ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
უროლოგიურ კიბოსთან ბრძოლა აქტუალური თემაა დღევანდელ
მსოფლიო მედიცინაში. არსებობს სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები
ამ პათოლოგიათა დასამარცხებლად. კონგრესის ძირითადი მიზანია ამ სიახლეების
ურთიერთგაზიარება და ქართველი ექიმებისთვის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის
განვითარების პროცესებში თანამონაწილეობა. თსუ რექტორის მოადგილის, ა
ლექსანდრე ცისკარიძის თქმით,
კონგრესზე ისაუბრეს ძალიან ბევრ ინოვაციურ მიმართულებასა და იდეაზე, რაც
მნიშვნელოვანია თსუ რეზიდენტებისთვისა და სტუდენტებისთვის.
„ძალიან საინტერესო დისკუსიების
მოლოდინში ვართ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი
რეზიდენტებისთვის და სტუდენტებისთვის, ცოდნის გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ამოცანაა ასეთი ტიპის კონფერენციებისა. გარდა ამისა, თვითონ
დარგის წამყვანი ექსპერტების მონაწილეობა გულისხმობს იმას, რომ ძალიან
ბევრი ინოვაციური იდეა და მიმართულება დამუშავდება და ეს ყველაფერი ხელს
შეუწყობს ზოგადად უროლოგიის და, კერძოდ, ონკოლოგიური უროლოგიის
განვითარებას,“ - განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.
სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული
ექსპერტებმა კონგრესზე შეაჯამეს არსებული სამეცნიერო ინოვაციები, რაც
უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა
ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას.
„კონფერენციაზე ვუზიარებთ ერთმანეთს
ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას, კვლევებს, გვაქვს კოლაბორაცია და ვქმნით
ქსელებს. მოგეხსენებათ, რომ ონკოლოგიური სფერო სწრაფად განვითარებადი
სფეროა, მედიცინის, როგორც თეორიული მიდგომების, ისე პრაქტიკული
თვალსაზრისით. მათ შორისაა იმუნოთერაპია. ბოლო წლებია სხვადასხვა
სიახლეები ინერგება, ექიმებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ დაინერგა ახალი
მეთოდები სხვადასხვა ქვეყნებში. ასეთი ინფორმაციის გაცვლისთვის, დღევანდელი
კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა აშშ უროლოგიური ონკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარემ
ქრისტოფერ ევანსმა.
საქართველოს ონკოლოგიურ უროლოგიური ასოციაციის პრეზიდენტის, თსუ პროფესორის
გურამ ქარაზანაშვილის თქმით,
კონგრესზე დარგში არსებულ სხვადასხვა ახალ მიმართულებებთან ერთად,
განიხილეს პროსტატის კიბოს მკურნალობის საქმეში ღეროვანი უჯრედების
მნიშვნელობა.
„კონგრესზე განიხილება კიბოს
მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომები. იმედი მაქვს, რომ ეს კონგრესი
დადებით გავლენას მოახდენს არა მარტო ქართულ მედიცინაზე, არამედ ზოგადად,
ჩვენი რეგიონის, მეზობელი ქვეყნების და შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბითაც
ონკოლოგიური უროლოგიის განვითარებაზე. ეს არის ფანტასტიური შესაძლებლობა
ქართველი ექიმებისთვის, ეზიარონ უახლეს მიღწევებს ონკოლოგიასა და
უროლოგიაში. განიხილება ყველა ასპექტი, სიახლეები ქირურგიაში, სხივურ
თერაპიაში, ქიმიოთერაპიაში, იმუნოთერაპიაში, ჰორმონოთერაპიაში,
პათოლოგანატომიაში და ზოგადად, მეცნიერებაში,“- განაცხადა გურამ ქარაზანაშვილმა.
„როგორც საყოველთაოდ ცნობილია,
უროლოგიური ონკოლოგია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დღევანდელ თანამედროვე
მედიცინაში და დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ამ დარგის მსოფლიო წამყვან
სპეციალისტებს მოვუსმინოთ და მათთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც
აქტუალურია. კონგრესის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია არამარტო
საგანმანათლებლო თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის სისტემის
გაუმჯობესებისთვის და უფრო ეფექტური და უფრო ძლიერი სამკურნალო
ტექნოლოგიების დანერგვისთვის,“ - განაცხადა ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა
ზაალ კოკაიამ.
მულტიდისციპლინური კონგრესში, რომელიც 27 ოქტომბერს
დასრულდება, მონაწილეობენ უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები,
პათანატომები. კონგრესის მიმიდინარეობა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა
ვებგვერდზე: mmt.ge და gaou.ge. კონგრესის სპონსორები არიან MMT ჰოსპიტალი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა
რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
« იხ. ყველა სიახლე