2014-09-17

თსუ რექტორის განცხადება

თსუ რექტორის განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ქონების გასხვისებამ და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებთან შეუფერებელი და მიუღებელი საქმიანობის წამოწყებამ, სამწუხაროდ, ტრადიციული სახე მიიღო.

ჩვენი პირველი მიმართვა მთავრობას და საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ქონების გასხვისების შესაძლებლობას ეხებოდა, შემდეგ უნივერსიტეტის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე და ამ ტერიტორიაზე სასაფლაოს გაშენების პერსპექტივაზე გავაკეთეთ განცხადება. ამჯერად, როგორც ირკვევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებს საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებულია უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურებმა ეს ინიციატივა შეცვალეს და დღეს სახეზე გვაქვს ავტოტრანსპორტისთვის გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მერიას,  მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებები, რათა არ მოხდეს უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების, სტუდენტების ინტერესების უგულებელყოფა.



აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
თსუ რექტორი, პროფესორი
17.09.2014

Print

« იხ. ყველა სიახლე