2018-12-18

წიგნის - „კლასიკოსი” წარდგენა

წიგნის - „კლასიკოსი” წარდგენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვალერი ასათიანის წიგნის - „კლასიკოსი” წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე  გამოჩენილი ქართველი ფილოლოგ-კლასიკოსისა და პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ძალიან იშვიათია ისეთი რანგის მეცნიერი, როგორიც გრიგოლ წერეთელი იყო. „იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ძალიან ცნობილი პაპიროლოგი, ადამიანი, რომელმაც მთელი მიმართულება ჩამოაყალიბა მეცნიერებაში და რომელიც არის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მეცნიერი, რომლის ციტირებაც ხდება, რომლის ნაშრომებზეც ხდება აპელირება“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

პროფესორ ვალერი ასათიანის თქმით, უნივერსიტეტში ბევრი რამ გაკეთდა გრიგოლ წერეთლის უკვდავსაყოფად, გამოიცა წიგნი, სადაც თავმოყრილია მის შესახებ ახალი, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი მასალები. „ძალიან ამაღელვებელი დღეა. უნივერსიტეტმა, დღევანდელმა თაობამ პატივი მიაგო გრიგოლ წერეთლის ხსოვნას. გაიხსნა მისი სახელობის აუდიტორია. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალმა თაობებმა მეტი იცოდნენ გრიგოლ წერეთლის შესახებ და ჩვენს ამას ალბათ შევძლებთ,“- განაცხადა წიგნის - „კლასიკოსი” ავტორმა.

ღონისძიება თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.


Print

« იხ. ყველა სიახლე