2018-12-20
სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის" გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
შაბთაი ცური, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციაზე გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია სხვადასხვა თემაზე.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა ისრაელის სახელმწიფოებრივ სიძლიერეზე. ისრაელიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინაზე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის თადარიგში
იცხაკ ილანის მოხსენების მთავარი თემა „ისრაელის თავდაცვის დოქტრინა“ იყო.
„მოხარული ვარ, რომ შემიძლია ქართულად წავიკითხო ლექცია. თბილისში გავიზარდე და ჩემი ოცნება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. მოგვიანებით ისრაელში წავედი და ახლა ჩამოსული ვარ, რომ ლექცია წავიკითხო, საინტერესო თემაზე - ისრაელის უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნა იცხაკ ილანმა.
კონფერენციაზე წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: "ისრაელი - 70, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მოკლე ისტორიული მიმოხილვა"; "ქართულ-ებრაული თემის დღევანდელობა"; "ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ძირითადი მიმართულებები"; "ისრაელის სამხედრო კონცეფცია ჟაბოტინსკიდან დღევანდლამდე".
« იხ. ყველა სიახლე