2020-04-16

ელექტრონული სწავლების გამოწვევები და პერსპექტივები

ელექტრონული სწავლების გამოწვევები და პერსპექტივები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მესამე სამუშაო შეხვედრა ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ 40 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. მათ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და განიხილეს სირთულეების გადაჭრის ერთობლივი გზები. ასევე მოხდა ცალკეული დარგების გარშემო უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფების ჩამოყალიბება თემის სიღრმისეულად განხილვის მიზნით.

თემატური ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს შეფასების სისტემის და მისი შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების მოდიფიცირების აუცილებლობაზე, პრაქტიკისა და კვლევის განხორციელების სირთულეებზე, მედიცინის, სახელოვნებო და საზღვაოსნო მიმართულებების პროგრამების ელექტრონულ რეჟიმში განხორციელების სპეციფიურ სირთულეებზე, ელექტრონული სწავლებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით და ელექტრონული სწავლების ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნაზე.
  
აღნიშნულ შეხვედრამდე მომზადდა კითხვარი ელექტრონული სწავლების შესახებ, რამაც საშუალება მისცა თემატური ჯგუფის წევრებს დაენახათ თუ რა მდგომარეობაა უნივერსიტეტებში ელექტრონული სწავლების მიმართულებით. შეხვედრისას მოხდა აღნიშნული კითხვარის შედეგების გაზიარება. შეხვედრის შემდეგ კი თემატური ჯგუფების წარმომადგენლებმა სხვადასხვა უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების შესახებ შექმნილი დოკუმენტაცია გაუზიარეს ერთმანეთს, ასევე, დაგეგმეს სამომავლო კვლევები.



Print

« იხ. ყველა სიახლე