2018-12-06

რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია

რუსუდან ნიშნიანიძის წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძის ორტომეულის ,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. ორტომეული ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერლისა და მოქანდაკის ჯორჯ-გიორგი პაპაშვილის შემოქმედებას ეხება. წიგნის პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრნენ. 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, "რუსუდან ნიშნიანიძის წიგნი ეძღვნება ცნობილი ამერიკელი-ქართველი მწერლის, ჯორჯ პაპაშვილის შემოქმედებას. ის უნიჭიერესი ადამიანი, მოქანდაკე და ხელოვანი იყო და ფანტასტიური საჩუქარი გაუკეთა ავტორმა ჩვენს მკითხველს ამ ორტომეულის სახით".

ორტომეულის ავტორი, რუსუდან ნიშნიანიძე თსუ სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში ლიჰაის უნივერსიტეტში, სადაც გაეცნო ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების უნიკალურ საარქივო მასალას.    

როგორც თსუ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსუდან ნიშნიანიძე ამბობს, წიგნი აშშ-ში შენახული სპეციალური კოლექციისა და მასალების მიხედვითაა დაწერილი. „ორტომეულში წარმოდგენილი არაერთი ბიოგრაფიული ცნობა და შემოქმედებითი ამბავი, ასევე, უნიკალური ფოტოები სრულიად უცნობია მკითხველისთვის და სწორედ აღნიშნულ გამოცემაში ქვეყნდება პირველად“, - განაცხადა რუსუდან ნიშნიანიძემ.

1945 წელს, ჯორჯ-გიორგი პაპაშვილისა და მისი მეუღლის თანაავტორობით დაწერილი წიგნი ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ბესტსელერად იქცა. წიგნი ითარგმნა მსოფლიოს 17 ენაზე.
     



Print

« იხ. ყველა სიახლე