2018-06-26

წიგნის - ,,მამა’’ პრეზენტაცია

წიგნის - ,,მამა’’ პრეზენტაცია
შვილების მოგონებები მამაზე, სიმღერა, რომელიც ზაქარია ფალიაშვილმა მიუძღვნა უნივერსიტეტის დამაარსებელს, სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან და პირადი წერილები შევიდა წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

წიგნის - „მამა“ პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა  და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით ივანე ჯავახიშვილის შთამომავლებს, ვინც მხარს უჭერდა მას იმ იდეის განხორციელებაში, რასაც უნივერსიტეტის დაარსება ჰქვია. ეს წიგნი არის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული გამოცემა, რომელიც ეძღვნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ

„ივანე ჯავახიშვილი მამა იყო არა მარტო ხორციელი შვილებისთვის, არამედ მან ჩვენი ერისთვის ნამდვილად მამობრივი ღვაწლი გასწია. ჩემი დიდი პაპა - გიგო და მისი ძმა - სოლომონ ქურდიანები იყვნენ პირველი თაობის პროფესორთა შორის. იმ დროს, თავადაზნაურთა და მეცნიერთა შორის ბევრი იყო წინააღმდეგი უნივერსიტეტის დაარსებისა. ჩემი დიდი პაპა მხარს უჭერდა უნივერსიტეტის იდეას. უნივერსიტეტმა გადაარჩინა ჩვენი სულიერი ღირებულებები საბჭოთა პერიოდში. ასეთ გამოცემებს ერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“- განაცხადა მეუფე შიომ, რომელმაც უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა მისი პაპის, გრიგოლ ქურდიანის უნივერსიტეტის მხარდამჭერი  წერილი ნიკო კეცხოველისადმი და ივანე ჯავახიშვილის მადლობის წერილი გრიგოლ ქურდიანისადმი.

წიგნის ერთ-ერთი შემდგენელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, „წიგნზე მუშაობა დაიწყო ათეული წლების წინ, როდესაც ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი დალი გერსამია უნივერსიტეტის მუზეუმში მუშაობდა. მან მოიტანა დედამისის - ნათელა ჯავახიშვილის ჩანაწერები, მოგონებები მამაზე და იქიდან მოყოლებული ვფიქრობდით, რომ ეს წიგნი გამოგვეცა. დავუმატეთ ივანე ჯავახიშვილის ვაჟის, ალექსანდრე ჯავახიშვილის მოგონებები. ძალიან საინტერესო გამოცემა გამოვიდა. ამ წიგნს ახლავს კომპაქტდისკი (CD) - წიგნის აუდიოვერსია და ამავე დროს, ჩაწერილია  ზაქარია ფალიაშვილის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც მან მიუძღვნა ივანე ჯავახიშვილს. სპეციალურად ამ გამოცემისათვის სიმღერა ჩაწერა ოპერის ცნობილმა მომღერალმა ქეთევან ქემოკლიძემ თათა ლიჩელის აკომპანირებით.“

წიგნი, რომლის ავტორები ზურაბ გაიპარაშვილი და მეკო გოჩიაშვილი არიან, ორენოვანია (ქართული და ინგლისური) და  მისი გამოცემა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან იუბილეს.


Print

« იხ. ყველა სიახლე