2018-12-05
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონში“ პრაქტიკას გაივლიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „გრანთ თორნთონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, „გრანთ თორნთონი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაწესდება „გრანთ თორნთონის“ სახელობის სტიპენდია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებული სტუდენტებისათვის. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ, კომპანია „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიონ/დირექტორმა
ვახტანგ ცაბაძემ და დირექტორმა
ქეთევან ღამბაშიძემ მოაწერეს.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის
გიორგი ღაღანიძის თქმით, „გრანთ თორნთონთან“ გაფორმებული მემორანდუმი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტების დასაქმების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.
„დარგის წამყვან კომპანიებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის პრაქტიკის შესწავლის თვალსაზრისით. კომპანია საუკეთესო სტუდენტებს
გამოუყოფს
გარკვეულ დაფინანსებას სტიპენდიების სახით, რაც ასევე ძალიან კარგი სტიმული იქნება,“ - განაცხადა დეკანმა.
კომპანია „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორ/დირექტორის
ვახტანგ ცაბაძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიაში არამარტო პრაქტიკის გავლის, არამედ დასაქმების საშუალებაც ექნებათ.
„მიგვაჩნია, რომ პროფესიის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმეა. ქვეყანა წინსვლას სტუდენტების მხარდაჭერით იწყებს,“ - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
კომპანია „გრანთ თორნთონი“ უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში 50 000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
« იხ. ყველა სიახლე