2018-10-10
თსუ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდი მოინახულა და სხვადასხვა გამოცემებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფეროვან სამეცნიერო ლიტერატურას გაეცნო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ სტუმრებს თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გერმანიაში გამოცემული საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი წარუდგინა, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი. ატლასი 100-ზე მეტ რუკას, გრაფიკებსა და ფოტოებს მოიცავს და წარმოადგენს საუკეთესო კვლევით რესურსს, როგორც მეცნიერებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.
სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით წარმოდგენილი 50-ზე მეტი უნიკალური გამოცემა დაათვალიერეს. მათ შორის, კ.კაუცკის წიგნის „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა“ სამენოვანი თარგმანი, ვ.ვოიტინსკის „ქართული დემოკრატია“, ალბომი – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ და სხვა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სტენდი მოინახულეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განათლებისა და მეცნიერების დარგში,
მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,
მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა.
« იხ. ყველა სიახლე