2018-11-22

ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი

ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი
აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას 120 წლისთავს მიეძღვნა „ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი“. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები ესწრებოდნენ. ენათმეცნიერ კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი სამ წელიწადში ერთხელ იმართება; წლევანდელი სიმპოზიუმი კი ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას იუბილეს ეძღვნება.   

„არნოლდ ჩიქობავა იყო კავკასიის გამაერთიანებელი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერული სკოლის დამაარსებელი, რომლის წყალობითაც თბილისი იქცა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების კვლევის ცენტრად. განუზომელია მისი ღვაწლი ზოგადად ენათმეცნიერების, ქართული ფილოლოგიის წინაშე. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართული ენის დიდ საუნჯედ წოდებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. იგი ქმნიდა სახელმძღვანელოებს, საენათმეცნიერო მოძღვრებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა წიგნებს,“ - აღნიშნა თსუ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა.   

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის განცხადებით: „არნოლდ ჩიქობავას იუბილეს აღნიშვნა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რადგან მან არამარტო მეცნიერებაში მიაღწია წარმატებას, არამედ ხალხთა შორის დაამყარა კავშირები, რაც უფრო მნიშვნელოვანია.“    

პოლონელი ენათმეცნიერის რადოსლავ კანარკოვსკის თქმით, „ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ენათმეცნიერების დარგში. სიმპოზიუმზე იკრიბებიან მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ენათმეცნიერები.  მნიშვნელოვანია, რომ წელს კონგრესი უდიდესი ქართული და კავკასიური ენათმეცნიერების დამაარსებლის არნოლდ ჩიქობავას ხსოვნას ეძღვნება.“    

„ენათმეცნიერ კავკასიოლოგთა მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი“ 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.    


Print

« იხ. ყველა სიახლე