2018-04-17

ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა თსუ-ში

ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო და ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტი. ღონისძიებას  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა, ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები მოყოლებული შუა საუკუნეებიდან დღემდე, ასევე ბულგარეთის ანტარქტიკის ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც მოცემულია ანტარქტიკის გეოგრაფიული რუკები აღწერებით.

,,ქართველი დამთვალიერებელი იხილავს გეოგრაფიულ რუკებს, რომელიც შექმნილია მეთხუთმეტე საუკუნიდან დღემდე. რუკებზე ასახულია არქტიკული გარემო და რეგიონი წარსულსა და დღევანდელი მდგომარეობით. საქართველოს განათლების სამინისტროსთან ვგეგმავთ სამომავლო თანამშრომლობას, რაც გამოიხატება ქართველი მეცნიერების მონაწილეობით ექსპედიციებში ანტარქტიკაზე, ბულგარეთის სამეცნიერო ბაზაზე,“ - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ.

გამოფენისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით ,,ბულგარეთს აქვს ინტენსიური პროგრამა ანტარქტიკის შესასწავლად. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბულგარელი და ქართველი კოლეგები შეხვდნენ ერთმანეთს, დაისახა საინტერესო გეგმები სამომავლო თანამშრომლობის და, რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ქართველი მეცნიერები იქნებიან ბულგარული ექსპედიციის ნაწილი.“

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი რუკებიდან უძველესი, რომელიც თურქმა კარტოგრაფმა და მეზღვაურმა ჯერ კიდევ ანტარქტიკის აღმოჩენამდე ვარაუდით შექმნა, მეთხუთმეტე საუკუნეშია შექმნილი.


Print

« იხ. ყველა სიახლე