2018-01-24
მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაცია - „განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზების ძიება“
ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებს მიეძღვნა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიში „განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზების ძიება“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მხოლოდ განათლების თემას ეძღვნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით,
„მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა თუ როგორი დამოკიდებულებაა განათლების განვითარებასა და დაფინანსების სისტემას შორის; როგორ არის განვითარებული მასწავლებელთა მომზადების სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ბევრი პარამეტრით საკმაოდ კარგ დონეზეა, თუმცა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ეს განსაკუთრებით ეხება მასწავლებლების მომზადების დონის ამაღლებას და დაფინანსების სისტემის ცვლილებას.“
„განათლების ხარისხში მეტი ინვესტიცია არის ის რეკომენდაცია, რომელსაც მსოფლიო ბანკი იძლევა და რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. შესაბამისად, ხარისხიანი განათლების სისტემისთვის, ჩვენ ვეცდებით, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით უფრო მეტი ფინანსური, საკადრო და ტექნიკური რესურსი გავაჩინოთ,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ
მარიამ ჯაშმა.
„ჩვენი მიდგომა არის კომპლექსური. ვცდილობთ, საერთაშორისო პრაქტიკა გავიზიაროთ. ეს არის ზოგადი სისტემა, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავს,“ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
ალექსანდრე თევზაძემ.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის
მერსი ტემბონის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ძირითადი ფოკუსი განათლებაზე გაკეთდა:
„ჩვენ ვლაპარაკობთ სწავლაზე და არა მხოლოდ სკოლაში სიარულზე. რა რჩება სკოლიდან გამოსვლის შემდეგ - ეს არის მთავარი და ამაზე მუშაობაა მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობა ძალიან მოწადინებულია და დიდი მადლობა მას ამისთვის.“
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე არაერთ პროექტშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მიერ გაკეთებული შეფასება საქართველოს ზოგადი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის და გაცემული რეკომენდაციები ხელს უწყობს სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას, რაც თითოეული მოსწავლის შედეგებზე აისახება.
« იხ. ყველა სიახლე