2018-05-04

თსუ STEM მიმართულების სტუდენტები მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს აშშ-ში მოიპოვებენ

თსუ STEM მიმართულების სტუდენტები მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს აშშ-ში მოიპოვებენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM (ელექტროინჟინერია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) მიმართულების სტუდენტები მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მოპოვებას აშშ-ში შეძლებენ. ასეთ შესაძლებლობას თანამშრომლობის მემორანდუმი იძლევა, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს (აშშ, კალიფორნია) სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვილიამ ტონგმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა ვოლტერ ოშელმა და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს ხელი.   

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების  სან დიეგოს უნივერსტიტეტში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას.  
 
„განათლების საერთაშორისო ცენტრმა და ამერიკულმა მხარემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მაგისტრატურასა და დოქტორანტურის საფეხურზე ისწავლოს ამერიკაში. წელიწადში 10-15 სტუდენტს საშუალება ექნება STEM (ინჟინერია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა)  მიმართულებებზე ისწავლოს ამერიკაში. შემდგომ კი ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და შესაძლებლობა ექნებათ სხვებს გაუზიარონ ამერიკაში მიღებული ცოდნა“,- აღნიშნა  განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ექვსი წლის განმავლობაში ახორციელებს საქართველოში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლას საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებებზე. მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ ქიმია-ბიოქიმიის პროგრამა, რომელიც თსუ-ში ხორციელდება. სწორედ ამ სტუდენტებს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 5-6 წლის განმავლობაში იმუშაონ კვლევით პროექტებზე, მოიპოვონ დოქტორისა და მაგისტრის ხარისხი. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტით.“

სან დიეგოს (აშშ, კალიფორნია) სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვილიამ ტონგის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული მხარის დაფინანსებით ქართველი სტუდენტები ამერიკაში ისწავლიან და დოქტორის ხარისხს დაიცავენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და სან დიეგოს უნივერსიტეტი ერთობლივად დაგეგმავენ და ითანამშრომლებენ საერთო პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპებზე, ვადებსა და პირობებზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.    

    


Print

« იხ. ყველა სიახლე