2019-09-13
თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ მაგისტრატურა 2019 წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიულოცა მაგისტრებს უნივერსიტეტის დამთავრება. „წლევანდელი მაგისტრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდნენ. იმედი მაქვს, ისინი მომავალშიც დაკავშირებული იქნებიან და არ დაკარგავენ კონტაქტს დედა უნივერსიტეტთან,“ - განაცხადა რექტორმა. ღონისძიებას აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფაკულტეტების წარჩინებულ სტუდენტებს სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები საზიმოდ გადაეცათ.
სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული თამარ მელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 წელი სწავლობდა და ბაკალავრისა და ახლა უკვე მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. „აქ გატარებული 6 წლისთვის ჩვენი პროფესორები ძალიან დიდ მადლობას იმსახურებენ სტუდენტებისგან იმ ცოდნისა და სამომავლო პერსპექტივებისთვის, რომელიც ჩვენ მოგვცეს, თუნდაც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაგისტრატურის საფეხურზე. ჩემთვის უნივერსიტეტელობა დიდი პატივია და ვეცდები, რომ ეს წოდება ბოლომდე შევინარჩუნო,“ - განაცხადა წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა.
მაგისტრატურის გამოშვების ღონისძიება სადღესასწაულო ფოიერვერკით და კონცერტით დასრულდა. კურსდამთავრებულთათვის ბენდი „New One“ და DJ Machaidze უკრავდნენ.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი ამ ხნის განმავლობაში 15 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
« იხ. ყველა სიახლე