2018-12-03

თსუ დოქტორანტების წარმატება

თსუ დოქტორანტების წარმატება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ. 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული 54 პროექტიდან 28 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 52%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს ეკუთვნით. (იხილეთ ბმული)

შედარებისათვის, 2017 წლის კონკურსის შედეგებით, დაფინანსებული 40 პროექტიდან - 14 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 35%) თსუ-ის სტუდენტებს ეკუთვნოდათ.

კონკურსის მიზანია, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: (ქვემიმართულებები გაწერილია სპეციალური კლასიფიკატორით) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

2018 წლის კონკურსის პირობების თანახმად წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე. ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. ამასთან, დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს.

დოქტორანტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერა მოიცავს: ა) სტიპენდიას, ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების ან/და საველე სამუშაოების ხარჯს, გ) პროექტის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოფი, სემინარი და სხვა) მონაწილეობის ხარჯს, დ) დისერტაციის მიზნებისათვის დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯებს და ე) სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო სხვა ხარჯებს – მაგალითად: დოქტორანტურაში სწავლის საფასურს, ბეჭდური/ელექტრონული ლიტერატურის და კომპიუტერული პროგრამის შეძენის ხარჯს, პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯს და სხვ.

ფონდის პირობების თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატიის სახით გამოაქვეყნოს საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემებში, ან წარმოადგინოს ცნობა ასეთი სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების შესახებ. საერთაშორისო რეფერირებად და ციტირებად გამოცემად ფონდის მიერ განიხილება ის ჟურნალები, საკონფერენციო კრებულები და წიგნები, რომლებიც ინდექსირებულია: Scimago Journal Ranking, Scopus, Web of Science, ERIH plus - ში, ასევე, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული საერთაშორისო რეფერირებადი და ციტირებადი ჟურნალები: Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (ა. რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები) და Annals of Agrarian Science (აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე).

Print

« იხ. ყველა სიახლე