2019-12-20
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თსუ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და ჩინეთის უნივერსიტეტის კომიტეტის თავმჯდომარემ
ჟიანგ ქინგჟემ მოაწერეს. ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი სამომავლოდ გაცვლითი პროგრამებისა და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ ქართველი სტუდენტები. „საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩინეთიდან გვყავს ჩვენ სტუდენტები, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობის დასაწყისია. იგეგმება უკვე დაფუძნებული ქართველოლოგიის ცენტრის გაძლიერება, იქ ჩვენი მკვლევრების მივლინება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის
ჟიანგ ქინგჟეს თქმით, შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. „მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენ ძირითადად ვითანამშრომლებთ გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების კუთხით,“ - აღნიშნა თამვჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს
თამარ ზარანდიას და ფაკულტეტის წარმომადგენლებს, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს
თეა გერგედავასა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორს
თამარ სულუხიას შეხვდა.
« იხ. ყველა სიახლე