2018-12-12

დასაქმების ფორუმი თსუ-ში

დასაქმების ფორუმი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შეთავაზებები მიიღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტი დამსაქმებელი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

დამსაქმებლები საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. კერძო კომპანიების გარდა, ფორუმში საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც მონაწილეობდნენ.

თსუ ვიცე-კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, დასაქმების ფორუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერმანენტულად ატარებს. „დასაქმების ფორუმი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს. ფორუმზე მოსულ დაინტერესებულ პირებს დახვდებათ კონკრეტული შეთავაზებები, ვაკანსიები დამსაქმებლების მხრიდან და მათ შეეძლებათ პროფესიის შესაბამისად დასაქმდნენ,“ - განაცხადა ლაშა საღინაძემ.

თსუ კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ცხადაძის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არა მხოლოდ ახლო მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს შედეგებს. „ფორუმი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრნონ, შეიტყონ რა საკადრო საჭიროებები აქვთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს ან მიმდინარე ან სამომავლო ეტაპზე და რა მიმართულებით შეიძლება განავითარონ საკუთარი უნარები,“ - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.

დასაქმების ფორუმში სხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდა ფინანსთა სამინისტროს საჯარო იურიდიული პირის საფინანსო ანალიტიკური სამსახური, რომელსაც გარკვეულ ვაკანსიებზე შეთავაზება აქვს სტუდენტებისთვის. აღნიშნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მიხეილ გვარჯალაძის თქმით, საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმება. „დასაქმების ფორუმი ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და აქ წარმოდგენილ დამსაქმებლებს შორის. ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ, ჩვენი პროფილი არის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და შესაბამისად, დაინტერესებული ვართ ამ სფეროს სტუდენტებთან გასაუბრებით და მათი დასაქმებით,“ - განაცხადა მიხეილ გვარჯალაძემ.

დასაქმების ფორუმმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ვანო ბუზალაძე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ფორუმზე დამსაქმებლებისგან სხვადასხვა შეთავაზება მიიღო. „ჯერ მხოლოდ ორ შემოთავაზებას გავეცანი. ეს შემოთავაზებები სტაჟირებასთან არის დაკავშირებული, რადგან ჯერ უნივერსიტეტი არ მაქვს დამთავრებული და ანაზღაურებად სტაჟირებას ვეძებ. ორივე კომპანიამ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა სტუდენტმა.

დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეხუთედ ტარდება. ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა.


Print

« იხ. ყველა სიახლე