2018-11-20

პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გაიხსენა გიორგი ხუციშვილთან მისი თანამშრომლობა განათლების სფეროში, იმ დროისთვის უცხო მიმართულების - კონფლიქტოლოგიის ჩამოყალიბება თსუ-ში: „კონფლიქტოლოგია დღეს უკვე  ჩამოყალიბებული და შემდგარი დარგია საქართველოში და ეს გოგი ხუციშვილის დამსახურებაა. მას ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა ჰქონდა სხვადასხვა კონფლიქტის გადაჭრის გზების, ტრავმების, სხვა საკითხებთან დაკავშირებით.“

გამომსვლელებმა ისაუბრეს გიორგი ხუციშვილის მოღვაწეობასა და მის წვლილზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. „გიორგი ხუციშვილმა პირველად დაიწყო კონფლიქტოლოგიის შესწავლა საქართველოში. ის, ამავე დროს, იყო ძალიან მაღალი დონის მკვლევარი, მედიატორი, შეეძლო ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების წარმოება. გავიხსენებ 2008 წელს, ომის შემდეგ მან მოახერხა სტამბულში მოეწყო შეხვედრა ქართველი და რუსი მკვლევრებისა, სადაც მედიატორის ძალიან დიდი უნარები გამოავლინა,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ.

„გიორგი ხუციშვილმა და მე დავაფუძნეთ კავკასიის რეგიონული კვლევების ასოციაცია, სადაც იგი აქტიურად მუშაობდა და  ყოველთვის ცდილობდა წვლილი შეეტანა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. ამავე დროს, ის ცდილობდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების და სტუდენტების ჩართვას ამ პროცესებში. გიორგი ხუციშვილს ჰქონდა უამრავი პუბლიკაცია როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ხასიათის,“- განაცხადა თსუ პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ.

ღონისძიებაზე ფილოსოფიის მენიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ხუციშვილის ნაშრომთა პრეზენტაცია გაიმართა.     




Print

« იხ. ყველა სიახლე