2019-11-25

უნივერსიტეტის კანცლერის მოვალეობას ლაშა საღინაძე შეასრულებს

უნივერსიტეტის კანცლერის მოვალეობას ლაშა საღინაძე შეასრულებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის მოვალეობას საკონკურსო შედეგების გამოქვეყნებამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ამჟამინდელი მოადგილე ლაშა საღინაძე შეასრულებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზე დააკმაყოფილეს ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნუნუ ოვსიანიკოვას განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

სენატის სხდომაზე თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოეხმაურა მისი სადისერტაციო ნაშრომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში გაჩნდა კითხვები თუ რატომ არ იყო რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. „რეაგირება უახლოეს პერიოდში იქნება და თუ ვინმეს აქვს შეკითხვები, ყველა ამომწურავ პასუხს მიიღებს. ამას აქვს თავისი პროცედურა, რომელსაც ჩვენ დავიცავთ, რადგან პლაგიატის დადგენა-გარჩევა არც რადიოთი და ტელევიზიით, არც FB-ით და არც  ტვიტერით ხდება“, - აღნიშნა რექტორმა.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა აკადემიური პერსონალის ანაზღაურების წესის ცვლილებებზე და განმარტა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება არსებული სახელფასო პოლიტიკის გადახედვის შესახებ და უმაღლესი განათლების სისტემაში ახალი დაფინანსების მოდელის შემუშავებამდე აკადემიური პერსონალის ანაზღაურების ზრდა შიდა რესურსებით დარეგულირდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე