2019-02-21

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში თსუ სტუდენტები ლიდერობენ

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში თსუ სტუდენტები ლიდერობენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ  მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსში ტრადიციულად ლიდერობენ. კონკურსში გამარჯვებული 21 პროექტიდან 10 პროექტი (გამარჯვებული პროექტების 47.6%) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს ეკუთვნით. (გამარჯვებული პროექტები).

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების  გრანტების დაფინანსების კონკურსში პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნას ყველა სამეცნიერო მიმართულებებში: (ქვემიმართულებები გაწერილია სპეციალური კლასიფიკატორით) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

2018 წლის კონკურსის პირობების თანახმად წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;  

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს. პროექტის ბიუჯეტში საგრანტო დაფინანსება შეიძლება ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) სტიპენდია – არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს; ბ) სასწავლო და კვლევითი პროცესის ტექნიკური აღჭურვის, ლაბორატორიული საშუალებების, საველე სამუშაოებისა ან/და ექსპედიციის ხარჯი; გ) პროექტის მიზნებისათვის ხელმძღვანელთან შეთანხმებით საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯი (კონფერენცია, კონგრესი, ვორქშოპი, სემინარი და სხვა); დ) თემის მიზნებისათვის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში კვლევითი ვიზიტის ხარჯები; ე) სასწავლო და კვლევითი პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები – შეიძლება მოიცავდეს სწავლის სემესტრულ გადასახადს, პროფესიული ლიტერატურის შეძენის ან/და პროფესიული ასოციაციის წევრობის ხარჯები და სხვა.

ფონდის პირობების თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, პროექტის განხორციელების შედეგად დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი და ფონდში წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი.


Print

« იხ. ყველა სიახლე