2018-06-12

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კლინიკა „პინეოს“ შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კლინიკა „პინეოს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კლინიკის გენერალურმა დირექტორმა იაგორ კალანდაძემ მოაწერეს.

„სტუდენტები გაივლიან უაღრესად საინტერესო და საჭირო პრაქტიკებს „პინეოში“. ამავე დროს, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი ხნის ამოცანაა სწავლების გადაყვანა პრობლემებზე დაფუძნებულ სწავლებაზე - სტუდენტები მომავალ პროფესიას დაეუფლებიან სტუდენტობის პერიოდში, პროფესიონალების გვერდით მუშაობისას. ეს ხელს შეუწყობს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, მემორანდუმი საშუალებას აძლევს ჩვენ აკადემიურ პერსონალს ითანამშრომლოს კლინიკასთან,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კლინიკა „პინეოს“ ხელმძღვანელის იაგორ კალანდაძის თქმით, თანამშრომლობა თსუ სტუდენტებსა და ჰოსპიტალის პერსონალს შორის ხელს შეუწყობს ცოდნის განახლებასა და დარგის განვითარებას: „საუნივერსიტეტო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაღალტექნოლოგიური და სწრაფადგანვითარებადი დარგისთვის, როგორიც არის მედიცინა. იმედი მაქვს, რომ ის მუდმივი უკუკავშირი, რომელიც ჩვენი ჰოსპიტალის პერსონალსა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის იქნება, აუცილებელი გარანტიაა განვითარებისთვის, თანამედროვე და აქტუალური ცოდნის განახლებისთვის. თსუ მედიცინის ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია სამედიცინო განათლების სივრცეში და, დარმწუნებული ვარ, სასარგებლო იქნება ეს თანამშრომლობა, როგორც სტუდენტებისთვის ისე ჩვენი კლინიკისთვის.“

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, დიმიტრი კორძაიას თქმით, კლინიკებთან ურთიერთობა და კლინიკების სექტორის განვითარება უნივერსიტეტში აუცილებელი პირობაა სამედიცინო განათლების ხარისხისთვის: „ამ თვალსაზრისით, ორი მიმართულებით მუშაობს უნივერსიტეტი: ზრუნავს საკუთარი კლინიკის განვითარებაზე და ქმნის წარმატებულ კლინიკათა კოალიციას თავის გარშემო.  ამ კლინიკებთან გვაქვს, არამარტო პედაგოგიური-სასწავლო-სამეცნიერო, არამედ, მომავალზე ორიენტირებული მსოფლმხედველობრივი თანამშრომლობა".

ხელშეკრულების საფუძველზე კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლ-პრაქტიკული კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას.


Print

« იხ. ყველა სიახლე