2018-05-01

წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია

წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თამარ პაიჭაძის წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მონოგრაფიაში ასახულია მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთი მონაკვეთი - მოდერნისტული ეტაპი. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა წიგნს „საჭირო, მნიშვნელოვანი და აქტუალური ნაშრომი უწოდა, რომელშიც კვლევისა და სწავლების ინტეგრირება მოხდა“.   

„წიგნი ნამდვილი შენაძენია ქართველი მკითხველისთვის, ლიტერატურათმცოდნეობისთვის, სტუდენტებისთვის. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟიდან მოდერნიზმი იქცა ქართული ლიტერატურის ხაზად, რომელმაც განსაზღვრა ქართული ლიტერატურული პროცესები. ნაშრომი მოდერნიზმის კომპლექსური შესწავლის წარმატებული შედეგია,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა კახა ლორიამ.

„ამ წიგნის სახით წარმოვადგინე მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის ისტორიისთვის. მეოცე საუკუნემ ისე ჩაიარა, რომ არაფერი დაუწერიათ იმ მიმდინარეობაზე, ვინც ხერხემალში გამართა მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურა,“- განაცხადა ნაშრომის ავტორმა თამარ პაიჭაძემ.

ნაშრომის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: სტუდენტები, ლიტერატურის მკვლევრები და ზოგადად, მეოცე საუკუნის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებული პირები.

Print

« იხ. ყველა სიახლე