2019-03-12
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩეველს, პროფესორ ჯეფრი დევიდ საქსს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
„ყველაზე გავლენიანი ცოცხალი ეკონომისტი“, „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ეკონომისტი“, "მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომისტი“ - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები
ჯეფრი დევიდ საქსს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა თსუ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის წევრები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც ერთი წლის წინ იზეიმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე. მომეცა საშუალება, რომ უნივერსიტეტისათვის გამეზიარებინა მნიშვნელოვანი მესიჯები მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე და ამაში უნივერსიტეტის მონაწილეობაზე. ჯანდაცვა, განათლება, ფინანსები და მთავრობის ახალი მიდგომა, რომ ქვეყნის შემოსავლების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლებას - არის სწორი გზა. მიხარია, რომ საქართველომ აირჩია ეს გზა და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ წამოწყების მიმართ,“ - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
„ასეთი რანგის ადამიანების სტუმრობა საქართველოში ძალიან საინტერესო და მისასალმებელია,“ -განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „ის, რომ ჯეფრი საქსი გახდა ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მართლა საპატიოა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც. ჯეფრი საქსი კვლავ დაბრუნდება საქართველოში, კვლავ გვექნება საშუალება, რომ სტუდენტებმა მოუსმინონ მის ლექციებს, ჩვენმა პროფესორებმაც იქონიონ მასთან კონკრეტული კავშირი გამომდინარე მათი საგნიდან. იმედია, რომ ჩვენი მთავრობაც ჩაერთვება ამ საქმიანობაში, რადგან ჯეფრი საქსი ძალიან ბევრ წარჩინებულ პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ბევრ ქვეყანაში.“

თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს ჯეფრი საქსი საქართველოს ეკონომიკის განვითარების გზებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.
„საკმაოდ საინტერესო ლექცია ჩაატარა ჯეფრი საქსმა, რომელმაც ილაპარაკა როგორც ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებზე, ისე გლობალურ გამოწვევებზე - გარემოს დაცვაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მოსმენა, ვინაიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების მოწვევა ჩვენს უნივერსიტეტში,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა
საბა სახვაძემ.
ჯეფრი დევიდ საქსი არის მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ეკონომიკის დარგში, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში. კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იგი ოც წელზე მეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის დირექტორი, ასევე განვითარების საკითხებში გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის კომისარი და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური მრჩეველია. პროფესორი საქსი „ცისფერი პლანეტის“ 2015 წლის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია.
« იხ. ყველა სიახლე