2013-10-16

თსუ - ლიდერი უნივერსიტეტი

თსუ - ლიდერი უნივერსიტეტი
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  კვლავ ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, - განაცხადა TEMPUS-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორმა საქართველოში ლიკა ღლონტმა. მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით TEMPUS-ის  პროგრამით 19 პროექტი დაფინანსდა, რომელშიც 22 ქართული უნივერსიტეტია ჩართული.

„19 პროექტიდან  11 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუფინანსდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს - 7 პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს - 6 პროექტი, ბათუმის საზღვაო აკადემიას - 2 პროექტი და სხვა. რაოდენობრივთან ერთად აღსანიშნავია ხარისხობრივი მაჩვენებელი: ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს მხოლოდ ორი წლის წინ მიეცათ საშუალება ყოფილიყვნენ პროექტის კოორდინატორები. თსუ უკვე სამი პროგრამის კოორდინატორია. ეს იმის დამადასტურებელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ მიმღები, არამედ განმკარგავი უნივერსიტეტი  პროექტის  პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის და  ეს იმ დიდი ნდობის ნათელი მაგალითია, რომელსაც თსუ-ს მიმართ გამოხატავს ევროკავშირი,“- აღნიშნა ლიკა ღლონტმა.

TEMPUS-ის პროგრამა საქართველოში 1995 წლიდან მოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და განვითარებას უზრუნველყოფს. TEMPUS-ის პროგრამაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან პირველი თსუ  ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში თსუ-ში 24 პროგრამა განხორციელდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე