2017-10-20

მემორანდუმი თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის

მემორანდუმი თსუ-სა და "ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წამყვან ბიზნესორგანიზაციებში გაივლიან  სასწავლო პრაქტიკას. ამის საშუალებას სტუდენტებს თსუ-სა და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’(EUGBC) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მისცემს. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ხელშეკრულების შედეგად თსუ სტუდენტებს სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. ,,საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო’’ თანამშრომლობს ევროგაერთიანების ყველა ქვეყანასთან ბიზნესის სექტორში. მემორანდუმით გათვალისწინებული სტაჟირებების პროგრამის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს წამყვან ბიზნესორგანიზაციებში სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივა ექნებათ. ამ სივრცეში მოხდება ბიზნესის და სწავლების დაკავშირება,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„თსუ-ს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩვენთან გაიარონ 2-3 თვიანი პრაქტიკა. მასში ჩაერთვებიან ჩვენი წევრი ბიზნესკომპანიები. სტუდენტებს ექნებათ კონტაქტები 75-მდე ბიზნესკომპანიასთან. გაიმართება ბიზნესკონფერენციები, ბიზნეს მრგვალი მაგიდები, შეხვედრა ბიზნეს წარმომადგენლებთან, უცხოელებთან, საელჩოებთან, სავაჭრო ატაშეებთან. სტუდენტებისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო,“- განაცხადა ,,ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ

„ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, BP საქართველოს დირექტორის  კრის შლიტერის განცხადებით, „მემორანდუმი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის, რადგან მათთვის იხსნება ახალი ფანჯარა ბიზნესსაზოგადოებაში. იმედი მაქვს, რომ სტუდენტების დახმარებით EUGBC-ს ექნება მეტი წარმატება, რაც საქართველოსაც გამოადგება.“

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბიზნეს საბჭოში სტაჟირების პრაქტიკულ კურსს გაივლიან და ჩაერთვებიან EUGBC-ის პროექტების ორგანიზება-განხორციელების პროცესში. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებში, რაც სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ევროპასთან ვაჭრობის მიმართულებაზე თემატური ლექციების ჩატარებას გულისხმობს.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიული ზრდა და ქართულ ბიზნესსექტორთან მათი დაკავშირებაა.     

    




Print

« იხ. ყველა სიახლე