2018-09-14

თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება
ათასზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი 2018 წელს. თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას რექტორი გიორგი შარვაშიძე,  აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„უნივერსიტეტის საიუბილეო მე-100 წელს მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა საიუბილეო მე-20 გამოშვების ღონისძიება გაიმართა. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დღეს. ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში.  დღეს ისინი შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 300 - ათასიან არმიას და ნუ დაავიწყდებათ, რომ ყოველთვის უნივერსიტეტელები იქნებიან,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მაგისტრატურის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა კურსდამთავრებულებს პოეტმა დავით მაღრაძემ: „ჩემი ბედ-იღბალი ისე წარიმართა, რომ მრავალ უნივერსიტეტში მქონია საშუალება ორიოდე სიტყვა მეთქვა; მაგრამ ის მოკრძალება, ის მოწიწება, რაც ამ კედლებში მეუფლება, არსად სხვაგან ასეთი განცდა არ მაქვს. ძალიან საამაყოა ჩემთვის, რომ წილად მხვდა პატივი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის მეთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც სავსეა სიწრფელით და სავსეა მათდამი დიდი იმედით.“   

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წლიდან დაიწყო. მაგისტრატურის პირველი გამოშვება თსუ-ს ზუსტად 20 წლის წინ, 1998 წელს ჰყავდა. მაგისტრის ხარისხი 20 წლის განმავლობაში 14 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიენიჭა.

„ბედნიერი ვარ, რომ თსუ-ს კურსდამთავრებული ვარ. ყველა მაგისტრს ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს პროფესორებს და აბსოლუტურად ყველას, ვინც გვეხმარებოდა გზის გაკაფვაში,“-განაცხადა თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულმა მარიამ მიქაძემ.

თსუ მაგისტრატურა 2018 წელს 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
 




Print

« იხ. ყველა სიახლე