2019-05-08
"სტუდენტური ფესტივალი - 2019"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდენტური ფესტივალი 2019“-ში აქტიურად ჩაერთვნენ. თსუ-ს 1000-ზე მეტი სტუდენტი ფესტივალის გახსნის ღონისძიებას მსვლელობით შეუერთდა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„სტუდენტური ფესტივალი 2019“ თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. 10 დღის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთს კულტურულ და სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრებიან და ტიტულების მოსაპოვებლად ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში იბრძოლებენ.
თსუ სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას: მინი ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი (ბიჭები/გოგოები), ქართული ცეკვა, ხალხური სიმღერა, მუსიკალური ბენდების კონკურსი, თანამედროვე ცეკვა.
ფესტივალს გამარჯვებული სასწავლებელი სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობითა და გულშემატკივრის აქტივობით გამოვლინდება. ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.
„სტუდენტური ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში არასაკონკურსო ჩვენებების სახით სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება. მათში საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტია ჩართული, რაც ქართული აუდიტორიისთვის უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას უწყობს ხელს. ფესტივალის არასაკონკურსო აქტივობები ასევე საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენას ითვალისწინებს.
« იხ. ყველა სიახლე