2013-09-16

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცეს. 

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ყველა უნივერსიტეტელს, განსაკუთრებით პირველკურსელებს მიულოცა სწავლის დაწყება: „ყველა პირველკურსელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მათ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგეს, რომელმაც ისინი ცხოვრების რთულ გზაზე უნდა გაიყვანოს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა უპირატესობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიანიჭა და იმასაც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე წარმატებულები ჩვენი სტუდენტები გახდნენ. უნივერსიტეტი მზადაა იმისთვის, რომ სტუდენტებმა სათანადო ცოდნა მიიღონ, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გაატარონ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.“

თსუ სტუდენტები დალოცა და წარმატებები უსურვა სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ: „ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. მინდა გაგახსენოთ გელათის აკადემიის გახსნის დროს დავით აღმაშენებლის სიტყვები. მან თქვა, რომ აკადემია უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათენი. იერუსალიმი - თავისი სულიერებით და ათენი -  თავისი მაღალი აკადემიურობით და განათლებით. დალოცვილი იყავით და გახარებული! თქვენი მაღალი სულიერებით და დიდი განათლებით თქვენ უნდა ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას თქვენი გონებით და ცოდნით!“

„გილოცავთ ყველა პირველკურსელს სწავლის დაწყებას! განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. გისურვებთ წარმატებებს! თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა. გისურვებთ, რომ აქტიურად იყოთ ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში“- ამ სიტყვებით მიმართა თსუ პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 5000-ზე მეტი  პირველკურსელი ჰყავს. მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები. 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩაირიცხა. თსუ ლიდერია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე  სტუდენტების რაოდენობითაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე  ისწავლის. 

ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა  მომსახურების ცენტრები, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სასწავლო პროგრამების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კომპანია „მაგთიკომმა“ და გამომცემლობა „პალიტრა L“-მა   სპეციალური საჩუქრები დააწესა: უნივერსიტეტმა სხვადასხვა ფაკულტეტის 6 წარჩინებულ სტუდენტს „ნეთბუქები“ გადასცა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე  5 სტუდენტი კომპანია „მაგთიკომმა“ სმარტფონებით დააჯილდოვა, ხოლო გამომცემლობა „პალიტრა L“-მა მაღლრეიტინგული 6 სტუდენტისთვის მიმართულების მიხედვით სპეციალური ლიტერატურა შეარჩია, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“, გამოცემა საქართველოს ისტორიაში, გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, „ცოდნის სამყარო“, სინერჯის ნაშრომი და უნიკალური სამედიცინო ენციკლოპედია მიიღეს.

თსუ ყველა პირველკურსელს უნივერსიტეტის სიმბოლური საჩუქრები და კომპანია მაგთიკომის შეთავაზებით, სურვილის შემთხვევაში, უფასო სიმ ბარათი გადაეცემათ, აქციის ფარგლებში სტუდენტებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში 100 MB, 100 SMS და 30 წუთი დაერიცხებათ.

სასწავლო წლის დაწყება სტუდენტთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ საპროტესტო აქციის წევრებს მიმართა: „წარმოუდგენელია იყო ახალგაზრდა და არ გქონდეს პროტესტის გრძნობა. მით უფრო, თუ ამის საფუძველი გაქვს.“ თსუ რექტორი აქციაზე მისულ სტუდენტებს პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტებმა რექტორს უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ „უნივერსიტეტი ვალდებულია გადაჭრას ის პრობლემები, რომელიც სტუდენტებს აწუხებს. ნაწილი პრობლემებისა უკვე გადაწყვეტილია, ნაწილი - გადაწყვეტის სტადიაშია. არის საკითხები, რომელიც შესაძლოა ძალიან სწრაფად მოგვარდეს, ზოგიერთის მოგვარებას კი გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ დავთქვით, რომ სტუდენტებთან შეხვედრა პერმანენტულად გაიმართება.“ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სტუდენტებთან შემდგომი შეხვედრა 16 ნოემბერს შედგება.

18.00 საათზე სწავლის დაწყებას სტუდენტებს თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი (ბიგ ბენდი) მიულოცავს. კონცერტი თსუ ყველა სტუდენტისათვის პირველი კორპუსიის სააქტო დარბაზში გაიმართება.


Print

« იხ. ყველა სიახლე