2017-11-28

თსუ-ს რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

თსუ-ს რექტორს ახალი მოადგილე ჰყავს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ რექტორის მოადგილედ მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე წარადგინა.

რექტორის მოადგილეობამდე ალექსანდრე ცისკარიძე 2009 წლიდან დღემდე თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო. იგი არის ინსულტის ევროპული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სხვა მრავალი საერთაშორისო საზოგადოების წევრი, არაერთი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი, დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი.

სულ ახლახან კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გამოსცა ალექსანდრე ცისკარიძის და მისი ორი უცხოელი თანაავტორის - ლუნდის (შვედეთის) უნივერსიტეტის პროფესორის არნე ლინდგრენის და მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის ადნან კურეშის წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - ინსულტის თემას ეხება და ამ თემატიკისადმი მიძღვნილი პირველი კომპლექსური წიგნია მსოფლიოში.

თსუ რექტორის ყოფილი მოადგილე მიხეილ ჩხენკელი 13 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დაინიშნა.


Print

« იხ. ყველა სიახლე