2020-05-28
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღი ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნებოდა. წელს, 28 მაისს, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ონლაინ სივრცეში ჩატარდა ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მონაწილეობის სურვილი არაერთმა სტუდენტმა გამოთქვა, რომელთაგან 11 ნაშრომი შეირჩა.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო. მოხსენებებში სტუდენტებმა ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამ წლიან მონაკვეთზე, მის მიღწევებსა და მნიშვნელობაზე, საკანონმდებლო სივრცეში ქალთა აქტივობებზე, საგარეო ურთიერთობებზე, შიდა პოლიტიკაზე, ქართველ მენშევიკებსა და ავტოკეფალურ მოძრაობაზე, 1924 წლის აჯანყებასა და მის მნიშვნელობაზე.
კონფერენციას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს ონლაინ ჟურნალის შექმნის მზაობაც დაუდასტურა.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებისაგან შემდგარი სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემათ.
26 მაისის თემატიკაზე ახალი პუბლიკაციებისა და გამოცემების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება.
« იხ. ყველა სიახლე