საერთაშორისო კონფერენცია: "Making the most of Georgias Association to Horizon 2020"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020“. კონფერენციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროკომისიის წარმომადგენლები, ქართველი მკვლევრები დაესწრნენ.
კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ 2016 წელს „ჰორიზონტი 2020“-ში ასოცირებულ წევრად გახდომიდან დღემდე მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე ქართული ორგანიზაციების მხრიდან უფრო წარმატებული განაცხადების მომზადებისათვის გზებისა და პრაქტიკული რჩევების გაცემა.
„შეხვედრას ევროკავშირის კომისია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბრიუსელის ცენტრალური ოფისიდან, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება ინტერაქტიულია. მეცნიერები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს და კიდევ ერთხელ განიხილავენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ევროპელ კოლაბორატორებთან ერთად და იგივე შესაძლებლობებით სრულფასოვნად ჩაერთონ ევროპულ კვლევებში,“- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.
ინტერაქტიულ ღონისძიებაზე მოწვეულებს ინფორმაცია მიწოდება და გაიმართება სამუშაო სესიები, რომელიც მიეძღვნება მსჯელობას უფრო ეფექტიან და გაზრდილ მონაწილეობას „ჰორიზონტი 2020“-ის კონკურსებში, ასევე ევროპის ინოვაციების საბჭოს კონკურსებს. შუადღის სესია კი დაეთმობა მარია სკლადოვსკა-კიურის პროგრამას და პრაქტიკულ ტრენინგს პროგრამის შესაძლებლობების უკეთ გამოყენების შესახებ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, „სამეცნიერო კვლევეებისა და ინოვაციების დარგში საქართველოს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს. მოხარული ვიქნებით თუ გვექნება მეტი გაცვლითი პროგრამა ქართველ და ევროკავშირის მეცნიერებს შორის და ისინი გახდებიან დიდი ქსელის ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ გეგმების შესრულებისათვის რაც საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს. ეს იქნება მასტიმულირებელი ეკონომიკის განვითარებისათვის და სამსახურებისათვის. კვლევები არის მომავლის ინვესტიცია, იმის განმსაზღვრელი თუ სად იქნება საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და გადაიქცევა იმ ქვეყნად, რომელსაც აქვს პოტენციალი.“
კონფერენციაში პრეზენტაციებს წარმოადგენენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის და ევროკომისიის მარი სკლოდოვსკა-კიურის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ევროკომისიის წარმომადგენლის, კვლევებისა და ინოვაციების მიმართულების გენერალური დირექტორის სილვია ბოჟინოვას განცხადებით, „კონფერენციის მიზანია ქართველ მკვლევრებსა და მეცნიერებს შორის „ჰორიზონტის“ პოპულარიზაცია. მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება წაახალისებს ქართველ მკვლევრებს, რათა მონაწილეობა მიიღონ „ჰორიზონტში“ და მოხდეს კოლაბორაცია საერთაშორისო მკვლევრებთან.“
დამსწრე საზოგადოებისთვის პრაქტიკული რჩევებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კონფერენციის ერთერთი სესია დაეთმობა "ჰორიზონტი 2020" პროგრამის კონკურსებში გამარჯვებულ მკვლევრებს.
« იხ. ყველა სიახლე