2020-05-21
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ჩასატარებლად თბილისში საორგანიზაციო სამუშაოები დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციას შორის შედარებითი ლიტერატურის კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტმა
სანდრა ბერმანმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
შეთანხმების თანახმად, კონგრესი 2022 წლის 25-30 ივლისს თბილისში გაიმართება და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი უმასპინძლებენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მემორანდუმზე ხელმოწერით შედარებითი ლიტერატურული კონგრესისთვის აქტიური მზადება დაიწყო. "საერთაშორისო და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტებია ჩამოსაყალიბებელი, უნდა განისაზღვროს კონგრესის მთავარი სტუმრები. ბევრი საინტერესო და ცნობილი ადამიანი ჩამოვა - ისინი, ვისაც აინტერესებს და უყვარს ლიტერატურა. ძალიან საამაყოა, რომ პირველად პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ასეთი რანგის ღონისძიება ტარდება. ამ დღეებში თბილისი ნამდვილად მსოფლიო ლიტერატურის დედაქალაქად გადაიქცევა," - განაცხადა თსუ რექტორმა. გიორგი შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ლიტერატურულ კონგრესში დედაქალაქთან ერთად რეგიონებიც მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი. "შედარებითი ლიტერატურის კონგრესის მიმდინარეობისას 2000 დელეგატი ჩამოვა თბილისში. აქ თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, კულტუროლოგები, მთარგმნელები, გამომცემლები, მწერლები. ერთი კვირის განმავლობაში თბილისი იქნება ლიტერატურის ქალაქი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კონგრესისთვის მოსამზადებელი პერიოდი წარმატებით ჩაივლის," - აღნიშნა
ირმა რატიანმა.
ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა, გასულ წელს კი მას მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა.
2022 წლის კონგრესის თემაა "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები".
კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ვორკშოპების და თემატური შეხვედრების ჩატარებას, მათ შორის, შეხვედრებს ქართველ ლიტერატორებთან და კრიტიკოსებთან, ქართველ მწერლებთან, ასევე ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორებთან.
2022 წელს ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.
კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
« იხ. ყველა სიახლე