2018-02-20

„იტალიანისტიკის დღე თსუ-ში“

„იტალიანისტიკის დღე თსუ-ში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „იტალიანისტიკის დღე თსუ-ში“ გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

შეხვედრაზე გაიმართა იტალიური მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მოკლე პრეზენტაცია, საუბარი შეეხო იტალიის სახელმწიფოს სხვადასხვა ინიციატივებზე უმაღლესი განათლების მხარდაჭერას - სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და იმ შესაძლებლობებს, რასაც იტალიური ენის ცოდნა აძლევს თსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში წარიმართა, ჰუმანიტარული მეცნერებების მიმართულების გარდა, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას ქართულ და იტალიურ მხარეებს შორის. „გასაძლიერებელი გვაქვს თანამშრომლობა ლაკვილას უნივერსიტეტთან, სადაც ფიზიკის დარგში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებაზე მიდის მუშაობა. კარგი ინიციატივა აქვს იტალიის მხარეს და ასევე ქართულ მხარეს, რომ სკოლებში შემოვიდეს იტალიური ენა, როგორც არჩევითი ენა, რაც, რა თქმა უნდა, გააძლიერებს ინტერესს იტალიური ენის შესწავლის მიმართ.“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საქმიანობას, რაც იტალიანისტიკის შესწავლისა და განვითარებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. „იტალიური ენის შესწავლა კარგიც არის და სასარგებლოც, კარგი იმიტომ, რომ დიდი კულტურის მქონე ენაა და სასარგებლო იმიტომ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მასშტაბით პარტნიორობის თვალსაზრისით მეორე ქვეყანაა, როგორც სავაჭრო ისე ბიზნესისა და დასაქმების მხრივ,“ - აღნიშნა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

ღონისძიებაზე საზოგადოებას თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის განხორციელების შედეგები გააცნეს. თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში, რომელმაც ევროპის პირველ და ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტთან ერთად დოქტორის ორმაგი აკადემიური ხარისხი მიანიჭა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.  



Print

« იხ. ყველა სიახლე