2019-01-25
დასუფთავების აქცია
ცნობილი გარემოსდამცველის, მეცნიერის, თსუ პროფესორის შოთა ადამიას 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს დასუფთავების აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მდინარე ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ინიციატივით თსუ სტუდენტმა მიმართა რექტორს გიორგი შარვაშიძეს ფეისბუქლაივის დროს.
„მსგავსი აქციები უნდა მოეწყოს არა მარტო პირველი კორპუსის გარშემო, არამედ, უნივერსიტეტის სხვა კორპუსებთანაც. ეს ინიციატივა მხარდასაჭერია. დღეს არის ცნობილი მეცნიერის, გეოლოგის, ბუნების ქომაგის, ჩვენი ღვაწლმოსილი პროფესორის შოთა ადამიას დაბადების დღე და ეს აქცია არის სტუდენტური საჩუქარი მას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ გადაწყდა, გაწმენდილ ადგილზე მოეწყოს ახალგაზრდული სივრცე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების მოწყობა, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაატარონ თავისუფალი დრო და მიიღონ სხვადასხვა სერვისი. ეს აქცია ამჯერად იწყება თსუ პირველ კორპუსთან; ვაპირებთ, რომ ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავოთ,“- განაცხადა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა
შოთა კეჟერაშვილმა.
დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მსგავსი აქციების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი თსუ პროფესორმა
ელგუჯა მექვაბიშვილმა:
„ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ჩვენი ქალაქი დაბინძურებულია. ამიტომ გადავწყვიტეთ დავასრულოთ წუწუნი და გადავიდეთ პრაქტიკულ საქმიანობაზე. სტუდენტებმა, პროფესორებმა ერთად დავასუფთავეთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. იქნებ ეს ინიციატივა გადამდები აღმოჩნდეს სხვა მოქალაქეებისათვის და მათაც დაასუფთაონ თავიანთი ეზო, სადარბაზო, უბანი.“
თსუ პროფესორის
რევაზ შანიძის თქმით, მსგავსი აქციები ხშირად ეწყობა სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტში და მასში სტუდენტები და პროფესორები ერთად მონაწილეობენ.
„მეც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეს სივრცე მშობლიურია ჩემთვის. მიხარია რომ პატარა წვლილი შევიტანე იმ საქმეში რასაც უნივერსიტეტის დასუფთავება და გალამაზება ქვია“,- განაცხადა თსუ პროფესორმა.
თსუ სტუდენტების მიერ ინიცირებული დასუფთავების აქცია თსუ ადმინისტრაციის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ფონდისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
« იხ. ყველა სიახლე