2020-02-13

ზაალ კოკაია - „წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში

ზაალ კოკაია - „წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში
„თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტების პროფესორმა, თსუ კურსდამთავრებულმა ზაალ კოკაიამ „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სტუმრები ესწრებოდნენ. უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორი ზაალ კოკაია უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
„რამდენიმე წელია აღდგა ტრადიცია, როცა ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები კითხულობენ „წლის პირველ საჯარო ლექციას“ და ამით იწყება სასწავლო პროცესი ახალ წელს. წელს ზაალ კოკაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე - თავის ტვინზე და ღეროვან უჯრედებზე. ლექციამ დამსწრე საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
"ჩემთვის დიდი პატივია წლის პირველი ლექციის წაკითხვა, მითუმეტეს რომ უნივერსიტეტი ჩემი ალმამატერია. ჩემი განათლება ფიზიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში ზუსტად, აქ, პირველ კორპუსში მივიღე 40 წლის წინ.  შევეცადე ამ საჯარო ლექციის დროს წარმომედგინა ის ძირითადი მიღწევები და სიახლეები, რაც ხდება მსოფლიოში ღეროვანი უჯრედების მიმართულებით,"- აღნიშნა ზაალ კოკაიამ.
 მისი თქმით, სასიხარულოა რომ ლექციით ბევრი სტუდენტი დაინტერესდა. 
"სტუდენტები ის ძალაა, რომელიც მომავალში გაითავისებს ამ ტექნოლოგიებს და გამოიყენებს მათ ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხის და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად."
„წლის პირველი საჯარო ლექცია“ თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 102 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).
„წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“; 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ;“ 2018 წლის 12 თებერვალს თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია"; 2019 წლის 12 თებერვალს ემერიტუსმა პროფესორმა მზექალა შანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „ქართული ხელნაწერები - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.“
Print

« იხ. ყველა სიახლე