2014-01-14

თსუ აკადემიური საბჭოს განცხადება

თსუ აკადემიური საბჭოს განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2014 წლის 13 იანვრის სხდომაზე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, იყოს ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტი და საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო სივრცის ღირსეული და წარმატებული სუბიექტი.

გასულ წლებში საქართველოს მთავრობის დადგენილებების შესაბამისად უნივერსიტეტში ინტეგრირებული იქნა 14 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით უნივერსიტეტში შემოერთებულ ყველა ინსტიტუტს შეუნარჩუნდა არსებული სამეცნიერო პერსონალი და საბაზო დაფინანსება. ამავდროულად, უნივერსიტეტმა განახორციელა ღონისძიებები სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გასაუმჯობესებლად.

ინსტიტუტების შემოერთების შემდეგ მათი დაფინანსებისთვის უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ირიცხებოდა შესაბამისი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები, რაც გამოიყენებოდა, როგორც ინსტიტუტების საბაზო დაფინანსება.

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამომავლო ბედი და მათი დაფინანსების საკითხი. დღეისათვის ჩამოყალიბებული არ არის სახელმწიფო სტრატეგია მეცნიერების განვითარებისა და დაფინანსების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ამავდროულად კვლევითი ინსტიტუტების სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გარკვეული დეფიციტიცაა. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ვთვლით გავაკეთოთ განცხადება, რომელშიც წარმოვაჩენთ უნივერსიტეტის პოზიციას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსების მოდელის შესახებ.

განსაკუთრებით პრინციპულად ვთვლით ინსტიტუტების საბაზო დაფინანსების უცვლელად შენარჩუნებას. სამეცნიერო კვლევა უწყვეტი პროცესია და შედეგზეა ორიენტირებული, შესაბამისად, მისი მდგრადობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბაზო დაფინანსებას, რაც ამ პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას უზრუნველყოფს. ამასთან, როგორც წესი, პროგრამული (საპროექტო) დაფინანსება არ იძლევა ინსტიტუტების (სამეცნიერო ჯგუფების) უწყვეტი ფინანსირების გარანტიას და მხოლოდ მისი არსებობა არ წარმოადგენს მეცნიერების დაფინანსების მართებულ პრინციპს.

სამეცნიერო კვლევითი პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის აუცილებლად მიგვაჩნია საბაზო დაფინანსებასთან ერთად პროგრამული (პროექტებზე დაფუძნებული) დაფინანსების არსებობა შესაბამისი სრულყოფილი სქემის მიხედვით.
უნივერსიტეტი მზადაა, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მეცნიერების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში.“

აკადემიური საბჭოს განცხადებას თსუ წარმომადგენლობითმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.




Print

« იხ. ყველა სიახლე