2018-06-25

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნა. ფორუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მთავარი თემაა: საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც საჩვენებელი დემოკრატია იმდროინდელი ევროპისათვის. კონფერენციაში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი პროფესორები და მკვლევრები იღებენ.

საერთაშორისო  ფორუმის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.   

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო წარმატებული დემოკრატიული პროექტი: „იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსული ბელგიის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი, შემდგომში ბელგიის იუსტიციის მინისტრი  ვანდერველდე აღნიშნავს თავის მოგონებებში: ყველას ეგონა, რომ ესეთი დემოკრატია ჩამოყალიბდებოდა ლონდონში, ბრიუსელში, პარიზში, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ეს მოხდებოდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. პროფესორებთან ერთად, ფორუმში ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი იღებს მონაწილეობას. დღეს უკვე შეგვიძლია შევაფასოთ ის წვლილი, რაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ევროპის განვითარებაში შეიტანა.“   

საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა გაიმართება: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი. ეროვნული არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მრავალი წელია თანამშრომლობს და ამ ღონისძიებაში ჩვენ ჩართული ვართ, როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება.“   

ფორუმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ ბახტაძემ აღნიშნა, „თსუ-ში ტარდება უმნიშვნელოვანესი კონფერენცია და საზაფხულო სკოლა. ამ კონფერენციაში მონაწილეობენ ძალიან მაღალი დონის ქართველი და უცხოელი მკვლევრები, ამ პერიოდის საუკეთესო მცოდნეები მთელ მსოფლიოში, სტუდენტები. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით პირველი რესპუბლიკის პერიოდის საბჭოური ინფორმაციის ტყვეობაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც ეძღვნება პირველიო რესპუბლიკის პოპულარიზაციას, ძალიან მნიშვნელოვანია. “    

კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის რიჩარდ ჰოვანესიანის თქმით, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება იყო დიდი ნაბიჯი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შემდეგ:  „ეს იყო დამოუკიდებლობის ცდა, იდეალიზმის შეჯახება და ეს ყველაფერი იმ დროს იყო საჭირო. საბოლოოდ, უცხო ძალების ჩარევის შედეგად, ამ ექსპერიმენტმა ვერ მიაღწია საჭირო დასასრულს, მაგრამ საქართველოს რესპუბლიკამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ თაობებზე.“     

ფორუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ARISC) ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება.   

ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი მიიღებას მონაწილეობას.   


    



Print

« იხ. ყველა სიახლე