2019-01-09
„ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 150-მდე მოსწავლე ოთხი დღის განმავლობაში როლურ თამაშებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩაერთვება, ინფორმაციას მიიღებს ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის გარანტიების შესახებ. „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ - ასე ჰქვია თსუ-სა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის (IPEC) ერთობლივ პროექტს, რომლის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იღებენ. მოსწავლეებს თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი
თამარ ზარანდია, IPEC-ის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი
ვასილ გონაშვილი შეხვდნენ.
თსუ რექტორის
გიორგი შარვაშიძის თქმით, სკოლის მოსწავლეებს ლექციებს თსუ პროფესორები წაუკითხავენ.
„ძალიან კარგი ფორმატის პროექტია, ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი უფლებების შესახებ გაიგონ; ეს დაეხმარება მათ სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში. ველოდებით, რომ ამ 150 მოსწავლიდან ბევრი გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის
თამარ ზარანდიას თქმით, პროექტში სკოლის მოსწავლეების ჩართულობა მაღალია.
„პროექტში მონაწილეობენ, როგორც თბილისის სკოლების, ასევე რეგიონიდან ჩამოსული მოსწავლეები. ეს იმას მოწმობს, რომ ინტერესი მართლაც ძალიან დიდია. სამართალი არ არის მხოლოდ კანონშემოქმედების პროდუქტი, სამართალი არის განათლების, მათ შორის იურიდიული განათლების, პროდუქტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ასაკიდან დაიწყოს განათლების მიცემა ბავშვებისათვის განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებები,“ - განაცხადა თამარ ზარანდიამ.
IPEC-ის დამფუძნებლის, თსუ პროფესორის
ვასილ გონაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტისა და ზოგადად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების, თავისუფლების დაცვა და განათლების უფლების ხელშეწყობა.
„სწორედ სკოლის პერიოდიდან უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ადამიანის უფლებების დაცვა, რათა შემდგომ სწორი არჩევანი გააკეთონ და მათთვის პრიორიტეტული იყოს საკუთარი და სხვების უფლებების დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ - აღნიშნა ვასილ გონაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის აკურის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ
ნინი ბლუიშვილმა პროექტში მონაწილეობის მიზეზებზე ისაუბრა.
„ჩემი მიზანია გავხდე კანონმორჩილი ადამიანი და შემეძლოს ჩემს უფლებებთან ერთად, დავიცვა სხვა ადამიანის უფლებები. ასევე გავეცნო სხვა კანონებს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაში დამეხმარება,“ - აღნიშნა სკოლის მოსწავლემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ პირველი პროექტია, რომლის მეშვეობითაც სკოლის მოსწავლეებს როლური თამაშების სახით ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ.
« იხ. ყველა სიახლე