2020-05-13

„პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“

„პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით რიგით მეორე ონლაინ ღონისძიება გაიმართა სადისკუსიო პანელის სერიებიდან, რომლის თემაა: „პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ წამყვანი განათლების საერთაშორისო ექსპერტები თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს პრეზიდენტი კარლ დიტრიხი, Magna Charta Observatory-ს პრეზიდენტი საიბოლტ ნორდა, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. დისკუსიას ISET-ისადა ISET-ისკვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია უძღვებოდა.

ექსპერტებმა ისაუბრეს იმ მოვლენებზე რაც განვითარდა უმაღლესი განათლების სექტორში COVID-19 პანდემიის ფონზე, თუ რაგავლენას მოახდენს პანდემია მომავალში, ასევე თუ რა გრძელვადიანი პერსპექტივებისა და გამოწვევების წინაშე დგანან უნივერსიტეტები და სტუდენტები, აბიტურიენტები, როგორ აისახება პანდემიით გამოწვეული ფინანსური, ეკონომიკური და დემოგრაფიული გავლენები უმაღლესი განათლების სისტემაზე, შეძლებს თუ არა უმაღლესი განათლების სექტორი გარდაქმნასა და შესაძლებლობების გაფართოებას.

მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „დიდ მადლობას მოვახსენებ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს საინტერესო სადისკუსიო პანელის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ყველა მონაწილე მხარისათვის. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახსა და აუდიტორიის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. მასწავლებლების, ლექტორების, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა“.


მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში საერთაშორისო გამოხმაურებაც მოწმობს. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, არავის შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ის სიტუაცია, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია მთელ მსოფლიოში, ეს იყო შოკი საგანამათლებლო სისტემისთვის. რექტორის თქმით, ის სირთულეები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ყველა სფერო, მათ შორის განათლების სექტორი, დაძლეულია ურთიერთთანადგომით და სოლიდარობით როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. „პირველ რიგში დახმარება გავუწიეთ იმ სტუდენტებს, რომლებიც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში იყვნენ. მათ გაეწიათ როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიური კონსულტაცია, საგარეო უწყების მხარდაჭერით მოხდა მათი დიდი ნაწილის დაბრუნება საქართველოში. ამის გარდა, პირველი ამოცანა და მთავარი გამოწვევა იყო სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ასინქრონული და სინქრონულ ფორმატში და იმ პლატფორმების დახმარებით, რაც თითოეული სასწავლო კურსის სპეციფიკას ესაჭიროებოდა“,-განაცხადა რექტორმა. მისივე თქმით, 2770 კურსის სწავლება დისტანციურ რეჟიმში ადმინისტრაციის, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ამასთან, უნივერსიტეტმა შესთავაზა ყველას თავისუფალი ონლაინ წვდომა სამეცნიერო და კვლევით რესურსებზე, ბიბლიოთეკაზე, შემოიღო ფინანსური შეღავათები საერთო საცხოვრებლით სარგებლობაზე და შეღავათიანი, მოქნილი გადახდის სისტემა სტუდენტებისთვის.

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალში გაიზიარებს ელექტრონული სწავლების გამოცდილებას, რაც შერეული ფორმატით სასწავლო კურსების შექმნაში გამოადგებათ ლექტორებს.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ ახალ სამყაროში.სექტემბრიდან სხვა სურათის წინაშე დავდგებით. სავარაუდოდ, შემცირდება ფიზიკური მობილობა, შემცირდება საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა, შესაბამისად, ინტერნაციონალიზაციის სხვა გზაბზე უნდა ვიფიქროთ, უნდა შევიმუშავოთ სქემები იმათთვის ვინც დისტანციურ სწავლებას შეძლებს. უცხოელ კოლეგებთან უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ დაგროვილი გამოცდილება და მეტი რესურსი და ყურადღება უნდა დაეთმოს ღია მეცნიერებას და ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებას,“-განაცხდა თსუ რექტორმა.






Print

« იხ. ყველა სიახლე