2020-05-29

„პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“

„პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ სადისკუსიო პანელი „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ გაიმართა, რომელშიც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, პოლონელი რეფორმატორი, თსუ საპატიო დოქტორი, პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი და ეკონომისტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალური დირექტორი ალექსი ალექსიშვილი მონაწილეობდნენ.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის თქმით, ონლაინ დისკუსია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ ექსპერტების მოსაზრებები, თუ როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო ეკონომიკა, როგორ უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, როგორია საქართველოს მთავრობის გეგმები ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით და რა ახალი შესაძლებლობები გაუჩინა პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას. ასევე, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ განათლების სფეროზე საქართველოსა და მსოფლიოში და რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას განათლების სექტორი.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და თავისთავად უნივერსიტეტი. „დღეს პროფესორებს, სტუდენტებს, მკვლევრებს გვიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ პოსტპანდემიურ მსოფლიოში, როგორ წარვმართოთ სასწავლო პროცესი და სამეცნიერო კვლევები, განვიხილავთ ამ საკითხებს ჩვენ უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რადგან ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცით ეს პროცესი რამდენ ხანს გასტანს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვართ სოლიდარულები და ვცდილობთ ერთად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რადგან ჩვენ შევეჩეხეთ ისეთ გამოწვევას, რაც აქამდე არც კი წარმოგვედგინა“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ის გამოწვევები, რაც უმაღლესი განათლების სექტორის წინაშე დგას, უკავშირდება სწავლების ფორმებს, განათლების ხარისხს, აკრედიტაციის პროცესს, მობილობას, ფინანსურ საკითხებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მიმოიხილა ის ეკონომიკური ვითარება, რაც საქართველოში, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, განვითარდა პანდემიის ფონზე, ასევე ის ნაბიჯები, რასაც საქართველოს მთავრობა დგამს პოსტპანდემიური კრიზისის დასაძლევად. როგორც მან განაცხადა, პირველ რიგში, ზომები მიღებული იყო მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მათთვის  უსაფრთხო გარემოს უზრუველყოფისკენ, რათა ჯანდაცვის სისტემა ყოფილიყო მდგრადი და გაეძლო პანდემიის ზეწოლისთვის. ამასთან, ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა, მიქაბაძის თქმით, მთავრობას მისცა საშუალება ეტაპობრივად აამოქმედოს ეკონომიკა. მან აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც როგორც მოწყვლადი ჯგუფების, ასევე სხვადასხვა სექტორის ფინანსური მხარდასაჭერად გატარდა.

პოლონელი რეფორმატორის ლეშეკ ბალცეროვიჩის აზრით, პანდემიის კონტექსტში ეკონომიკაზე საუბრისას, მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები უნდა განვასხვავოთ. „მოკლევადიანი შედეგები უკვე სახეზეა - ეკონომიკური ვარდნა, მათ შორის პოლონეთსა და საქართველოში. საქმე ეხება არა თავად პანდემიას, არამედ პოლიტიკის რეაგირებას პანდემიაზე, მათ შორისაა იზოლაციის ზომები და სხვა, ასევე გარკვეულ საქონელზე, როგორიც ტურიზმის მომხმარებელთა მოთხოვნის მკვეთრი კლება“, -განაცხადა მან. ბალცეროვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმც ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების და გარკვეული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.  „საჭიროა გარკვეული ავტომატური ფისკალური სტაბილიზატორების ამოქმედება. მაგრამ ამას გარდა, საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება, უნდა გვახსოვდეს რას მიაღწია საქართველომ - ზომიერ მშპ-ს, სტაბილურობას და ნდობას. ვფიქრობ, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია გაჯანსაღებისთვის. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, პირველ რიგში, განვიხილავდი ლიკვიდურობის პრობლემებს კომერციულ ბანკებში, თუმცა უარს ვიტყოდი მსხვილ მონეტარულ სტიმულირებაზე, როგორიცაა რაოდენობრივი შემსუბუქება (QE). ვიცი, რომ საქართველო საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ გარკვეული ტვირთები კვლავ რჩება, რომლებიც უნდა მოიხსნას. და მთელი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ნდობის გაზრდაზე კერძო სტრუქტურებთან მიმართებაში, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტორები გადაწყვეტს, რამდენად სწრაფად მოხდება გაჯანსაღება“ ,- განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

გლობალური კრიზისის დაძლევის გზებზე საუბრისას პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) გენერალურმა დირექტორმა ალექსი ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის მენეჯმენტის ცენტრალიზება ვერ შეძლეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში, კოლაფსში აღმოჩნდნენ, რადგან კრიზისის სამართავად სხვადასხვა დონის მთავრობების განსხვავებულმა მიდგომებმა და მესიჯებმა ქაოსი გამოიწვია და გაართულა მართვა. რაც არ მოხდა საქართველოში, რადგან აქ პროცესების ცენტრალიზება მოხდა.

მან აქცენტი გააკეთა თავსუფალი ვაჭრობის მიმართულებით საქართველოს გააქტიურების აუცილებლობაზე. როგორც ალექსი ალექსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია ინვესტიციებზე და წარმოებაზე, შესაბამისად, საქართველო უნდა შეეცადოს თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ახალი ბაზრების მოძიებას, მაგალითად ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, ჩინეთი, ინდოეთი. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ბიზნესგარემოს, სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესების და დაბალი გადასახადების შენარჩუნების, ასევე მაკრო და ფისკალური მდგრადობის პირობებში.






Print

« იხ. ყველა სიახლე