2014-10-09

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების განცხადება

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბოლო პერიოდში  სხვადასხვა პრობლემურ საკითხს მიაპყრო  საზოგადოების ყურადღება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  თბილისის მერიასთან  ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად გარკვეული საკითხები უკვე  გადაიჭრა. ვიმედოვნებთ, თბილისის მერიისა და  მერის, ბატონ  დავით ნარმანიას, უშუალო მხარდაჭერით   თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე  აღარ   გაიხსნება ახალი სასაფლაო და  მოგვარდება  გაზგასამართი სადგურის მოწყობა-მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემაც.

უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ,  მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა საჯაროდ  გააპროტესტა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების თხოვნით  ამ საკითხთან დაკავშირებით მან თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, მიმართა. რექტორმა აღნიშნა,  რომ გაზგასამართი სადგურის გახსნა არა მხოლოდ მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცისათვის, არამედ სახიფათოც. ვინაიდან ეს ტერიტორია არ არის უნივერსიტეტის საკუთრება და  თსუ ვერ განკარგავს ამ ადგილის შემდგომ განაშენიანებას,   ქალაქის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა იზრუნონ ამ საკითხზე და არ დაუშვან თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე უნივერსიტეტისათვის შეუფერებელი ობიექტის მშენებლობა და გახსნა. გასათვალისწინებელია და არანაკლებ საყურადღებოა პრობლემის  ეთიკური მხარეც - მსოფლიოში ვერც ერთი სასწავლო დაწესებულების გვერდით ვერ ნახავთ მსგავსი დანიშნულების ობიექტს. ამ განცხადებას მოჰყვა მთავრობისა და მერიის წარმომადგენლების კომენტარები იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული გაზგასამართი სადგურის მშენებლობა ნებადართული ნორმების ფარგლებში მიმდინარეობს.

თბილისის  მერს მიეწოდა ინფორმაცია, როგორ შეიძლება  ამ ტერიტორიის მიზანმიმართული ათვისება,  კერძოდ, აქ შეიძლება გაიხსნას ახალგაზრდული ცენტრი და დაიწყოს  თსუ-ში დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული პროექტის - საუნივერსიტეტო ქალაქის - მშენებლობა.  თბილისის მერთან გაგზავნილ წერილს დანართის სახით ახლდა პროექტი, რომლის მიხედვითაც მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია  რამდენიმე სასწავლო კორპუსის, სპორტული კომპლექსის, სტუდქალაქის, კულტურის ცენტრისა და სხვ. მშენებლობა.

მაღლივი კორპუსის გვერდით გაზგასამართი სადგურის მშენელობა აქტიურად გააპროტესტეს თსუ-ს სტუდენტებმა.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია გამოიჩენენ გულისხმიერებას, დროულად მიიღებენ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა თაობისა და სამეცნიერო საზოგადოების სასარგებლოდ, არ დაუშვებენ თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უნივერსიტეტისათვის შეუფერებელი და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნას.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო
წარმომადგენლობითი საბჭო


Print

« იხ. ყველა სიახლე