2018-12-17

ირანული ფილმების ფესტივალი და ფოტოგამოფენა

ირანული ფილმების ფესტივალი და ფოტოგამოფენა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ ტარდება. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი, ასევე, გაიმართება ირანელი ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენა -“სამხრეთი ირანი“.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი ფესტივალს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ატარებს. "ძალიან მნიშვნელოვანი კინო ფესტივალი ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელზეც საინტერესო ფილმები იქნება ნაჩვენები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ პროფესორის გიორგი ლობჟანიძის თქმით, ფესტივალის მიზანია ირანული თანამედროვე კინოს საერთო დონის ჩვენება. „ირანში სხვადასხვა ჟანრისა და დონის ფილმები კეთდება, მაგრამ ჩვენი სურვილი იყო გვეჩვენებინა ირანული კინო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, რაც იქაური პუბლიკისათვის არის მისაღები. ეს საინტერესოა, რათა გავიგოთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა რა ყოფაშია, როგორ ვითარდება, რა პროცესები მიდის, რა პრობლემებია დღევანდელ ირანში,“ - აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის ყავამ შაჰიდის განცხადებით, ფესტივალის საშუალებით ქართველი ხალხი ირანის კულტურას უკეთესად გაიცნობს. „ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს უწყობს ირან-საქართველოს შორის კულტურული კავშირებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ვიმედოვნებ, რომ როგრც შარშან, ისე წელსაც, დამსწრე საზოგადოება კარგად მიიღებს, ბევრი მაყურებელი ეყოლება და ეს ტრადიცია სამომავლოდაც გაგრძელდება,“ - აღნიშნა ელჩმა.

ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია, ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე